აშშ შეშფოთებულია აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის აგრესიული და პროვოკაციული ქმედებების ესკალაციის გამო. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა.
„რა თქმა უნდა, როდესაც საუბარია აშშ-სა და რუსეთის ურთიერთობების მდგომარეობაზე, ჩვენ ვერ დავივიწყებთ რუსეთის მიმდინარე აგრესიას უკრაინაში. შეშფოთებული ვართ აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის აგრესიული და პროვოკაციული ქმედებების ბოლოდროინდელი ესკალაციის გამო, მათ შორის 2020 წლის ივლისის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის გამო, რის შედეგადაც, 26 მარტს ოთხი უკრაინელი სამხედრო გარდაიცვალა და რამდენიმე დაშავდა. რუსეთის დესტაბილიზაციური ქმედებები ძირს უთხრის ეუთო-ს შუამავლობით მიღწეული, გასული წლის ივლისის შეთანხმების ფარგლებში დეესკალაციის ზრახვებს“, – განაცხადა ნედ პრაისმა ბრიფინგზე.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, ამერიკული მხარე ინფორმირებულია უკრაინის შეიარაღებული ძალებისგან უკრაინის საზღვრებზე რუსეთის სამხედრო დანაყოფების გადაადგილებასთან დაკავშირებით. როგორც ნედ პრაისმა განაცხადა, აშშ ცეცხლის შეწყვეტის დარღვევებისა და რეგიონული დაძაბულობის ზრდის საკითხს ნატო-ს მოკავშირეებთან განიხილავს.