რუსეთის აგრესიის გამწვავების შემთხვევაში შეერთებული შტატები უკრაინას მარტო არ დატოვებს, უკრაინის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა უკრაინელ კოლეგა ანდრი ტარანთან სატელეფონო საუბარში განაცხადა.
მათივე ინფორმაციით, ლოიდ ოსტინმა შეშფოთება გამოხატა რუსეთის ფედერაციის ბოლოდროინდელი ქმედებების გამო და დაარწმუნა უკრაინის თავდაცვის მინისტრი, რომ აშშ მზადაა დონბასსა და ყირიმში რუსეთის აგრესიის ფონზე უკრაინას დაეხმაროს.
„აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ რუსული აგრესიის ესკალაციის შემთხვევაში, შეერთებული შტატები უკრაინას მარტო არ დატოვებს და არ დაუშვებს რუსეთის ფედერაციის აგრესიული მისწრაფებების განხორციელებას უკრაინის მიმართ,“ – აღნიშნულია უკრაინის თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, სატელეფონო საუბარი ამერიკული მხარის ინიციატივით შედგა.
შეგახსენებთ, უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ რუსეთი უკრაინის საზღვრებთან სამხედრო მობილიზებას თანდათან ზრდის, რაც ქვეყნის თავდაცვით უსაფრთხოებას ემუქრება. საკითხზე კომენტირებისას კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა გუშინ განაცხადა, რომ რუსეთი ჯარების გადაადგილებას ახორციელებს საკუთარი ტერიტორიის ფარგლებში, საკუთარი შეხედულებისამებრ, ეს არავის ემუქრება და არც არავის უნდა ანაღვლებდეს