„ვლადიმერ პოზნერის წინააღმდეგ პროტესტი ეკონომიკას ვერ დაარტყამს,“ – ამის შესახებ საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი ფადი ასლი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.
მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„იმ „დრამის მეფეებსა და დედოფლებს“, რომლებიც აცხადებენ, რომ ვლადიმერ პოზნერის საწინააღმდეგო პროტესტი ეკონომიკისათვის დარტყმა იქნება, ვეტყვი:
არა! ვლადიმერ პოზნერის წინააღმდეგ პროტესტი ეკონომიკას ვერ დაარტყამს.
რამაც ეკონომიკას დაარტყა, ყოველ დღე ხდება 2013 წლიდან მოყოლებული, სისტემური კორუფცია და ნეპოტიზმი, გადაწყვეტილებების მიმღებთა სრული არაკომპეტენტურობა, უცხოელი ინვესტორების რეკეტი და შევიწროვება, სასამართლო სისტემაში სისტემატური ჩარევა, რამაც მისი სრული დესტრუქცია გამოიწვია, პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებისა და დევნის გამო მუდმივი პოლიტიკური არასტაბილურობა, ყოვლად უსარგებლო და პოპულისტური სოციალური პროგრამების დაფინანსება, რამაც ქვეყანა ვალებში დაახრჩო. ყველაფერი ამის შედეგია ნულოვანი ზრდა მშპ დოლარში ბოლო 8 წლის მანძილზე და ლარის სისტემატურად გაუფასურება, რომელიც სიღარიბის გავრცელებასა და უპრეცედენტო მასშტაბის ტვინების გადინებას უწყობს ხელს,“-წერს ასლი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.