საქართველოს ეროვნული ნაკრების ბოლო სამი შეხვედრის შეფასება ვთხოვეთ ლეგენდარულ ფეხბურთელს, თბილისის “დინამოსა” და საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილ მცველ რევაზ ძოძუაშვილს, რომელმაც ტრადიციულად საინტერესოდ ილაპარაკა…
საქართველოს ნაკრებს მაღალი დონის მწვრთნელი ჰყავს!..
– მოდი, ჩვენი შეფასება საქართველოს ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელით დავიწყოთ. ამ სამ თამაშში, არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ ვილი სანიოლის სამწვრთნელო ცოდნა და სიბრძნე გამოჩნდა. მე თამამად შემიძლია უკვე ვთქვა, რომ საქართველოს ნაკრებს მაღალი დონის მწვრთნელი ჰყავს – ის ზუსტად ისეთი სპეციალისტია, როგორიც ჩვენს გუნდს სჭირდება.
ისეთი მძიმე თამაშები იყო, ნაკრებს ისეთ რთულ და განსხვავებულ სიტუაციებში მოუწია ყოფნამ, მწვრთნელის ხელწერა ასეთ შემთხვევაში აუცილებლად გამოჩნდებოდა და გამოჩნდა კიდეც.
შევთანხმდეთ ერთ რამეზე – მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრების შედეგი არ არის ამ დროისთვის იდეალური, გუნდმა ფეხბურთი ითამაშა და ვიცი, რომ ძალიან დიდი ნაწილი ჩვენი გულშემატკივრებისა კმაყოფილია. ეს უკვე კარგია. ჩვენ დავინახეთ, თუ საით მივდივართ. მაგრამ ახლა სამწვრთნელო კუთხით შევხედოთ. ძნელია, ასეთ მოკლე ხანში გუნდს ასე დაატყო ხელი. თანაც, როგორი კალენდრის ფონზე ვითამაშეთ, ყველამ კარგად იცის და ამაზე სიტყვას აღარ გავაგრძელებ…
თითქოს, რენტგენი აქვთ თვალებშიო…
– ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ იმ პერიოდში, როცა საქართველოს ნაკრებს ჯერაც არ ჰყავდა ახალი მწვრთნელი და მახსოვს, მაშინ თქვენ მკითხეთ – როგორ მწვრთნელს ვისურვებდი საქართველოს ნაკრებისთვის. როცა ზოგადად ვიმსჯელეთ, მერე კონკრეტული კითხვა იყო და მაშინ მე ვთქვი – თუ იდეალური ვარიანტი უნდა დავასახელო, ვიტყვი კარლო ანჩელოტის-მეთქი. ჯერ ერთი, ძალიან მომწონს ეს მწვრთნელი და მეორეც, მაშინ ვფიქრობდი, რომ ის ძალიან მოუხდებოდა საქართველოს ნაკრებს…
მე ნამდვილად აღარ მახსოვდა და როცა სანიოლი საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, თქვენს გაზეთში წავიკითხე, რომ ის თავის დროზე “ბაიერნში” სწორედ კარლო ანჩელოტის თანაშემწე ყოფილა…
კრივში არის ერთგვარი ფანდი, როცა შენ მოწინააღმდეგეს აძლევ იმის საშუალებას, რომ მიგიმწყვდიოს კუთხეში, თითქოს დაღლილი ხარ, თითქოს მორჩა შენი საქმე, მაგრამ… აი, ზუსტად იმ დროს, როცა მეტოქე არ ელოდება, ფეთქდები და ახლა შენ იმწყვდევ მას კუთხეში
ჩვენ თავიდანვე შევთანხმდით იმაზე, რომ თუ ჩამოვიდოდა უცხოელი მწვრთნელი ევროპიდან, ის უნდა ყოფილიყო იმ სპეციალისტების მსგავსი, რომლებითაც დღესაც ამაყობს ქართული ფეხბურთი – მხედველობაში მყვანან იაკუშინი და კაჩალინი, ან როგორიც იყო ჩვენი უდიდესი მწვრთნელი ანდრო ჟორდანია…
თქვენ გადმოცემით გეცოდინებათ მათზე. როგორი მწვრთნელები იყვნენ იცით? – ფეხბურთელს შეხედავდნენ ფეხებში და თითქოს რენტგენი აქვთ თვალებშიო, გამოიცნობდნენ ეგრევე მის ავ-კარგს. ასეთი მწვრთნელის შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე ვილი სანიოლმაც. დააკვირდით, რამდენ ახალგაზრდას ენდო. თუნდაც დაცვაში რომ ავიღოთ – გურამ გიორბელიძე, ლაშა დვალი, გრიგოლ ჩაბრაძე…
მნიშვნელოვანია სანიოლის სამწვრთნელო ფილოსოფიაზე მსჯელობისას გავიხსენოთ, რა მოხდა საბერძნეთთან შეხვედრაში – დაღლილმა გუნდმა მთლად კარგად ვერ მოუმატა, მაგრამ თანდათან გამოასწორა თამაში და მთლიანობაში აშკარად ვაჯობეთ ჩვენს მოწინააღმდეგეს, რომელმაც მანამდე ესპანეთში 1:1 ითამაშა. როგორიც არ უნდა ყოფილიყო იქ ესპანეთის ნაკრების უპირატესობა, მთავარი მაინც შედეგია.
ვილი სანიოლის საფეხბურთო ფილოსოფია ძალიან ჰგავს კარლო ანჩელოტის მიდგომას. დიახ, სანიოლში მე ახალგაზრდა ანჩელოტი დავინახე. იცით, როგორია ანჩელოტის ფეხბურთი? აი, სულ გგონია, რომ “მეორე ნომრად” თამაშობს, მაგრამ არავითარი! ის იტყუებს მოწინააღმდეგეს საკუთარ მოედანზე და ამის შემდეგ გადადის მკვლელ კონტრშეტევებზე. ასე ითამაშა საქართველოს ნაკრებმა თუნდაც ესპანეთთან პირველ ტაიმში, რომელიც მოვიგეთ კიდეც!..
ჩემთვის ქართული ფეხბურთის მზე თავიდან ამოვიდა!
– თქვენ ალბათ კარგად იცით, რომ მე თავის დროზე საკმაოდ პერსპექტიული მოკრივე ვიყავი და კრივის ელემენტები, მისი საიდუმლოებები შესანიშნავად ვიცი. კრივში არის ერთგვარი ფანდი, როცა შენ მოწინააღმდეგეს აძლევ იმის საშუალებას, რომ მიგიმწყვდიოს კუთხეში, თითქოს დაღლილი ხარ, თითქოს მორჩა შენი საქმე, მაგრამ… აი, ზუსტად იმ დროს, როცა მეტოქე არ ელოდება, ფეთქდები და ახლა შენ იმწყვდევ მას კუთხეში, რაც შეიძლება მისთვის საბედისწეროც კი აღმოჩნდეს. ეს არის ერთგვარი – მოულოდნელობის ეფექტი!..
ისევ ანჩელოტის თემას დავუბრუნდები. აკვირდებით, როგორ თამაშობს მისი გაწვრთნილი “ევერტონი”? ეს არის ფეხბურთი, სადაც ნაპოვნია ბალანსი. საკუთარ ნახევარზე შემოიტყუებს მეტოქეს და მერე იერიშებს ძალიან მაგრად შლის. შეიძლება, ვინმეს შეექმნას შთაბეჭდილება, რომ ეს არის დაცვითი ფეხბურთი, მაგრამ ნამდვილად არ არის ასე. მე ვიტყოდი, ეს თანამედროვე ფეხბურთია, რადგან “მეორე ნომრობა” მხოლოდ მოჩვენებითია ამ შემთხვევაში და მეტი არაფერი.
ფეხბურთელს შეხედავდნენ ფეხებში და თითქოს რენტგენი აქვთ თვალებშიო, გამოიცნობდნენ ეგრევე მის ავ-კარგს. ასეთი მწვრთნელის შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე ვილი სანიოლმაც
რა თქმა უნდა, მართლაც რომ შესანიშნავი იყო ხვიჩა კვარაცხელია. მე ძალიან მომეწონა ოთარ კაკაბაძის თამაშიც. კი ბატონო, საკუთარ კარში გაიტანა გოლი, მაგრამ მოდი, ისიც გავიხსენოთ, მანამდე რა და როგორ გააკეთა. ბევრ დიდ ფეხბურთელს გაუტანია საკუთარ კარში. რაღა შორს წავიდეთ, თვით ფრანც ბეკენბაუერის დიდებულ კარიერაშიც არის რამდენიმე ავტოგოლი…
საქართველოს ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის პლუსად მიმაჩნია ისიც, რომ მან ნდობა გამოუცხადა ეროვნულ ჩემპიონატში მოასპარეზე ფეხბურთელებს. რა თქმა უნდა, ეს მათთვის დიდი სტიმულია და იმისაც მჯერა, რომ ისინი კიდევ უფრო მოუმატებენ.
პირადად ჩემთვის ქართული ფეხბურთის მზე თავიდან ამოვიდა. დიდი იმედი მაქვს, პროგრესი კიდევ გაგრძელდება. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რამდენი ფეხბურთელი გვაკლდა. ძალიან მახარებს კიდევ ერთი რამ – სანიოლი მაქსიმალურად იყენებს ჩვენი ფეხბურთელების მთავარ კოზირს – სისწრაფეს. საქართველოს ნაკრები უტევს ამ სისწრაფის გამოყენებით და ეს ძალიან კარგია!..