აპრილის მეორე ნახევრიდან „სინოფარმის“ ვაქცინა მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იქნება – გაბუნია

აპრილის მეორე ნახევრიდან „სინოფარმის“ ვაქცინა მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იქნება – თამარ გაბუნია.

“საქართველომ მიიღო 100 000 დოზა „სინოფარმის“ ჩინური წარმოების ვაქცინა. დღეის მდგომარეობით ამ ვაქცინას უკვე ათობით ქვეყანა იყენებს. 80 მილიონზე მეტი ადამიანია ვაქცინირებული „სინოფარმით“. კვლევები, რომლებიც ამ ვაქცინასთან დაკავშირებით ჩატარებული, ძალიან კარგ შედეგებს გვიჩვენებს და გვაქვს მოლოდინი, რომ აპრილის შუა რიცხვებისთვის „სინოფარმი“ მიიღებს ჯანმოს ავტორიზაციას გადაუდებელი გამოყენებისთვის” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

“ვაქცინა უკვე ავტორიზებულია უნგრეთის წამლის სააგენტოს მიერ, რომელიც მკაცრ მარეგულირებლად ითვლება. ეს ჩვენი სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში გვაძლევს პასუხისმგებლობის დაზღვევის საშუალებას ვაქცინის გამოყენების შემთხვევაში. „სინოფარმი“ გამოყენებული იქნება ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში, ისევე როგორც სხვა კომპანიების ვაქცინები.

მის შენახვას არ სჭირდება განსაკუთრებული პირობები. „სინოფარმი“ ინახება 2-დან 8 გრადუსამდე ტემპერატურულ რეჟიმში, რაც იმუნიზაციის პროგრამისთვის რუტინული რეჟიმია. ვფიქრობთ, რომ აპრილის მეორე ნახევრიდან „სინოფარმის“ ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება მოსახლეობისთვის“ – განაცხადა გაბუნიამ.

წყარო: ptn.ge