დამოუკიდებელი ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ქვეყანაში ჩინური ვაქცინის შემოტანის წინააღმდეგია.
მისი თქმით, ჩინური ვაქცინის წინააღმდეგ ძალიან ბევრი კითხვაა.
“თავის ნათესავებს, ოჯახის წევრებს გაუკეთონ ჩინური ვაქცინა! ვაქცინა უნდა იყიდოთ მწარმოებლისგან, დადონ მწარმოებელთან გაფორმებული კონტრაქტი, სად არის კონტრაქტი?
მსოფლიოში ჩინურ ვაქცინასთან დაკავშირებით არის ძალიან ბევრი კითხვა, პირველი არის კორუფცია, შუამავლები ყიდიან ორჯერ, სამჯერ და ხუთჯერ ძვირად ამ ვაქცინებს! ჩინეთის მთავრობა ცდილობს ე.წ. მსუბუქი პოლიტიკის გატარებას, მოგცემს 100 ათას ვაქცინას! ეს ცალკე პოლიტიკური ინსტრუმენტია! გადასაყრელი ფული გაქვთ? დაასაწყობეთ ჩინური ვაქცინა. ვაი, თქვენი ბრალი, თუ დაიწყებთ ჩინური ვაქცინით აცრას, მე ვიქნები ყველაზე პირველი ანტივაქსერი ჩინურ ვაქცინასთან დაკავშირებით, 24 საათი ვიქნები ლაივში. ჩაგიგდებთ ამ ვაქცინაციის პროგრამას!
ამბობენ, ძლიერი მარეგულირებელია უნგრეთიო, ვინ არის უნგრეთი?! კორუმპირებული, განადგურებული, ევროკავშირიდან გაგდებას უპირებენ!
საფრანგეთის მაგალითს რატომ არ იღებთ? გერმანიის მაგალითს რატომ არ იღებთ? ბრიტანეთის მაგალითს რატომ არ იღებთ? უნგრეთი და ზიმბაბვეა თქვენთვის მაგალითი?
ესენი არიან მავნებლები! ყველაფერი ეს ხდება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან. მე ჯანდაცვის სამინისტროსთან პრობლემა არ მაქვს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი უთხრის მიწას ჯანდაცვის სამინისტროს!
ყველაზე ანტივაქსერული ორგანიზაცია არის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი. ხალხს ვისაც გადაწყვეტილი ჰქონდა ვაქცინის გაკეთება, გადააფიქრებინეს. ამათ ყველაფერი გაასწორეს მიწასთან!
ჩემი სამსახურიდან გამომდინარე, ურთიერთობა მაქვს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრებთან მთელ მსოფლიოში, ვეხმარები და რჩევებს ვაძლევ, დამირეკეთ და შემეკითხეთ!
ჩვენი ჯანდაცვის სამინისტრო მიკავშირდება, პრემიერ-მინისტრი მიკავშირდება, თანამდებობის სხვა პირებიც მიკავშირდებიან, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ისეთი “ჭკვიანები” არიან, რომ არ მიკავშირდებიან. იციან, რომ ღიად ვამბობ სიმართლეს, პირდაპირ ვეუბნები, რომ არ არიან მართლები. საქართველოში მათ ვერავინ ეწინააღმდეგება.
მთავრობა ამბობს, რომ ძლიერი მარეგულირებლის მიერ არის ვაქცინა აღიარებული. ვინ არის ძლიერი მარეგულირებელი? “ასტრაზენეკას” ვაქცინა ახლაც არ არის დარეგისტრირებული ამერიკაში, ამერიკაში “ასტრაზენეკას” ვაქცინით ხალხი არ იცრება. ამერიკის შეერთებულ შტატებში „ასტრაზენეკას“ ვაქცინები ნაყიდია, მაგრამ არ იყენებენ, ელოდებიან მარეგულირებელი როდის გასცემს თანხმობას.
კანადაში და საფრანგეთში 55 წლის ქვემოთ მოსახლეობას “ასტრაზენეკას” ვაქცინას არ უკეთებენ, გერმანიაში აკრძალულია 60 წლის ქვემოთ მოსახლეობის ამ ვაქცინით აცრა.
გეუბნებოდით, გაფრთხილებდით, – ფრთხილად იყავით!
სახელმწიფო ამბობს, ჩვენ ვუყურებთ ძლიერ მარეგულირებელს. ვინ არის ძლიერი მარეგულირებელი?! ზიმბაბვეს ჯანდაცვის სამინისტრო?! საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრო, გერმანიის ჯანდაცვის სამინისტრო, კანადის ჯანდაცვის სამინისტრო როცა გუბნება, 50-55 წლის ქვევით სასურველი არ არის „ასტრაზენეკას“ გამოყენება, ალბათ დასაფიქრებელია და ამას კიდევ მეორე მომენტი ემატება. ხალხს აქვს ინტერნეტი. უყურებენ ამ ინტერნეტს და ამბობენ, იქ თუ აკრძალულია, ჩვენთან რატომ არ არის აკრძალული? ამ ყველა კითხვაზე პროფესიული პასუხი უნდა იყოს გაცემული“ – ამბობს ფხაკაძე.
წყარო: bm.ge