“ტრიბუნას” ლიდერი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ირაკლი კობახიძემ ადეკვატურობა დაკარგა:
– ადრე დაბეზღებით იყო დაკავებული, დღეს დასაბეზღებელიც არავინ ჰყავს. ეგონა, პრემიერის პოსტი ჯიბეში ედო, მაგრამ ვერც კი გაიგო, ისე ამოაცალეს. იმ პარტიის თავმჯდომარეა, სადაც ორი კაცი არ სცემს პატივს.
ივანიშვილი “ქართულ ოცნებაზე” არც ერთ თეთრს აღარ დახარჯავს. “ქართული ოცნება” უკვე გადამღერებული სიმღერაა. ივანიშვილს პოლიტიკურ პროცესზე გავლენის შენარჩუნებისთვის უკვე ახალი ძალა სჭირდება.
– და ეს ძალა გახარიაა?
– დიახ, ამ ძალად ის გახარიას მოიაზრებს. გახარიას, არჩევნებზე რაც არ უნდა ხმები მიიღოს, თუ ივანიშვილის მხარდაჭერა არ ექნება, იმ ხმებს, უბრალოდ, არ მისცემენ, სხვას დაუწერენ.
– “ქართული ოცნება” რამდენად აცნობიერებს, რა ხდება მის თავს?
– “ქართულ ოცნებას” არავინ არაფერს ეკითხება. ეს არის უმომავლო, უპერსპექტივო პარტია, რომელიც დასრულებულია. ახლა ამოცანაა, გარკვეულ მომენტამდე არ დაიშალოს, მანამ, სანამ ბრძანება არ იქნება. აი, როდესაც ბრძანება იქნება, იმწამს დაიშლება.
– დაიშლება თუ მთავარი ოპოზიციური ძალა გახდება ქვეყანაში და ნაციონალურ მოძრაობას ჩაანაცვლებს?
– არა, არა, “ქართული ოცნება” “მოქალაქეთა კავშირი” იქნება.
– ანუ გაქრება?
– დიახ. იქ არ ვიყავი? არანაირი იდეოლოგია, არანაირი მიზანი. რიგით წევრებს შორის ელემენტარული პატივისცემაც კი არ არსებობს, ერთმანეთის ზიზღი და აუტანლობა აქვთ. საკონსტიტუციო ცვლილებების წინ შეკრება გვქონდა. მახსოვს, როგორი დამოკიდებულება იყო კობახიძის მიმართ, როდესაც კვირიკაშვილი მისი წინააღმდეგი იყო. ყველა კვირიკაშვილს უჭერდა მხარს.
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა