იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ შეზღუდვების გარეშე დავძლიოთ მომატებული ინფექციის რაოდენობა

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე, კითხვაზე, უნდა ველოდოთ თუ არა მკაცრ შეზღუდვებს დიდ ქალაქებში 15 აპრილიდან, ამბობს, რომ ამაზე მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს ჯერ არ უმსჯელია.

დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის, [NCDC]  ჯანდაცვის სამინისტროსა და ჩინეთის

საელჩოს ერთობლივი ბრიფინგი გაიმართა. საქართველომ 3 აპრილს ჩინური წარმოების „სინოფარმის“ 100 000 დოზა მიიღო. ამ ბრიფინგზე ტიკარაძეს შეზღუდვებზეც კითხეს.

„რაც შეეხება შეზღუდვებს, ამ ეტაპზე საბჭოს არ უმსჯელია შეზღუდვებთან დაკავშირებით, თუმცა, იცით, რომ რამდენიმე რეგიონში ინტენსიურიად მიმდინარეობს ეპიდკვლევები, რითაც იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ შეზღუდვების გარეშე დავძლიოთ ის მომატებული ინფექციის რაოდენობა, რომელიც ქვეყანაში შეიმჩნევა,“ – აცხადებს ტიკარაძე.

დამატებით კითხვაზე, რა იგეგმება სააღდგომოდ, ტიკარაძე ამბობს, რომ ახლა ამაზე მსჯელობა ნაადრევია. აღდგომა წელს 2 მაისს აღინიშნებს.

„დღეს ცოტა ადრე არის ის მსჯელობა, თუ რა იქნება სააღდგომოდ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა, თუმცა, ინფექციის ზრდა ფიქსირდება. დაახლოებით, 1 კვირით ადრე, გვექნება გეგმა, თუ რა იქნება დღესასწაულთან დაკავშირებით,“ – ამბობს მინისტრი.

 

“ნეტგაზეთი”