კისლოვოდსკში ძალოვანებზე ტერაქტი აღიკვეთა: დაკავებულია ისლამისტი და სამი თანამზრახველი

ქალაქ კისლოვოდსკში რუსეთის ოთხი მოქალაქე დააკავეს, რომელთაგან ერთი ძალოვანებზე თავდასხმებს გეგმავდა, ხოლო სამმა სირიაში ბოევიკების დასაფინანსებელი არხი შექმნა.

კისლოვოდსკში დააკავეს ისლამისტი, რომელიც ტერაქტს ამზადებდა, იუწყება РИА Новости რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით.

„ქალაქ კისლოვოდსკში დაკავებულია 1966 წელს დაბადებული, მანამდე ნასამართლევი მოქალაქე, რომელიც სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლებზე თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობებით გეგმავდა თავდასხმებს საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების ინტერესების შესაბამისად“, — ნათქვამია განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულის ბინიდან ამოღებულია თვითნაკეთი ბომბების დასამზადებლად საჭირო კომპონენტები, ფეთქებადი ნივთიერებები, დამაზიანებელი ელემენტები და ექსტრემისტული ლიტერატურა.

გარდა ამისა, დაპატიმრებულია დაკავებულის სამი თანამზრახველი (ყველა მათგანი რუსეთის მოქალაქეა), რომლებსაც კავშირი ჰქონდათ სირიაში ტერორისტული სტრუქტურების დასაფინანსებელი არხის ორგანიზებაში.

როგორც უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, დაკავებულების ვინაობა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ კონკრეტდება.