რუსული გაზეთი „კომსომოლსკაია პრავდა“ («Комсомольская правда») 6 აპრილის ნომერში აქვეყნებს სტატიას სათაურით „თურქეთი ბოსფორის დუბლიორს აშენებს: რით ემუქრება ეს რუსეთს“, რომელშიც განხილულია თურქეთის ხელისუფლების მიერ ახალი საზღვაო კომუნიკაციის – „სტამბოლის არხის“ მშენებლობის გეგმა და მასტან დაკავშირებული საკითხები (ავტორი – ევგენი უმერენკოვი).
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირეოდენი შემოკლებით:
„თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ერდოღანმა ჯერ კიდევ ათი წლის წინათ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრობის დროს, მისი სიტყვებით რომ ვთქვათ – „გიჟური პროექტის“ რეალიზების გეგმა – ბოსფორის სრუტის პარალელური არხის – დუბლიორის შექმნის იდეა გამოაცხადა. მას შემდეგ, უკვე პრეზიდენტობის ჟამს, რეჯეფ ერდოღანმა არაერთხელ გაიმეორა „სტამბოლის არხის“ მშენებლობის დაწყება, მაგრამ ვადები ყოველთვის გადაიდებოდა ხოლმე.
მაგრამ ამ კვირაში თურქეთის მთავრობამ დაამტკიცა შესაბამისი პროექტი, რომელიც დაახლოებით 10-15 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. შეიძლება ეს ვინმეს ძვირად მოეჩვენოს, მაგრამ გათვალისწინებულია, რომ არხი ექსპლოატაცია ყოველწლიურად თურქეთს 6-დან 8 მილიარდამდე დოლარს მოუტანს.
ამ სტრატეგიული გადაწყვეტილების პასუხად, რომელიც უეჭველია, „დიდი თურქეთის“ იდეის აღორძინების ჩარჩოებში ჯდება, 103-მა თურქმა გადამდგარმა ადმირალმა ხელი მოაწერეს საპროტესტო წერილს, რომელიც არხის მშენებლობის წინააღმდეგ არის მიმართული. როცა სამხედროები, თუნდაც ისინი გადამდგარნი არიან, ასეთი კოლექტიური წერილის ჟანრში გამოდიან, თურქეთის ხელისუფლება ასეთ ნაბიჯს პერსპექტიულ სამხედრო გადატრიალების სიგნალად მიიჩნევს. სხვათა შორის, ბოლო სამხედრო გადატრიალების მცდელობა თურქეთში ხუთი წლის წინ სასტიკად ჩაახშეს.
გუშინ, ორშაბათს, იმ 103 გულადი ადმირალიდან 10 უკვე დააპატიმრეს. კიდევ იმდენივე გენერალურ პროკურატურაში მიიყვანეს დაკითხვის მიზნით. დანარჩენთან, სავარაუდოდ, ხვალ-ზეგ მივლენ. იმათ კი, ვისაც უკვე სიარული აღარ შეუძლიათ, იმედია, ხელს არ ახლებენ.
რა „ბუნტი“ ხდება რეჯეფ ერდოღანის გემზე? რამ შეაშფოთა ხანდაზმული ადმირალები ისე, რომ მათ უძლეველი პრეზიდენტის გეგმებზე „ხელი აღმართეს“? რატომ გარისკეს „ზღვის ბებერმა მგლებმა“?
ადმირალთა წერილის მთავარი არსი შემდეგში მდგომარეობს: ახალი არხი ქვეყნის სტრატეგიულ უსაფრთხოებას ემუქრება. გავიხსენოთ, რომ 1936 წელს შვეიცარიის ქალაქ მონტრეში ხელმოწერილი საერთაშორისო საზღვაო კონვენციის მიხედვით, ხმელთაშუა, მარმარილოსა და შავი ზღვების ერთმანეთთან დამაკავშირებელ დარდანელისა და ბოსფორის სრუტეებს თურქეთი აკონტროლებს. მშვიდობიან დროს სრუტეებში გავლა სავაჭრო გემებს თავისუფლად შეუძლიათ, მაგრამ იმ ქვეყნების სამხედრო გემებს, რომლებიც შავიზღვისპირა სახელმწიფოები არ არიან, ზღვაში შესვლა და ყოფნა მხოლოდ 21 დღის განმავლობაში შეუძლიათ, თანაც გემების ტონაჟი არ უნდა აღემატებოდეს 30 ათას ტონას.
ახალი არხი „სტამბოლი“, რომელიც მარმარილოსა და შავ ზღვებს ერთმანეთთან შეაერთებს, სიგრძით 45-კილომეტრიანი იქნება, მისი საპროექტო გამტარუნარიანობა – 185 გემი დღეში (ბოსფორის სრუტეში ამჟამად დრეში მხოლოდ 120 გემი გადის).
ერთი შეხედვით, თითქოსდა პრობლემები არ უნდა იყოს: განა ყველასთვის კარგი არ არის გამტარუნარიანობის გაზრდა?
პროექტის მოწინააღმდეგეები, რომელთა შორის თვით სტამბოლის დღევანდელი მერიც არის, ამტკიცებენ, რომ ახალი არხის მშენებლობა მეგაპოლისისი დაღუპვის ტოლფასია – როგორც ეკოლოგიური, ისე სეისმური რისკების მიხედვით და რაც მთავარია, საფრთხეს უქმნის 18 მილიონიანი ქალაქს სასმელი წყლით უზრუნველყოფას.
თუმცა გადამდგარ ადმირალებს სხვა საკითხი აწუხებდათ: გავრცელდება თუ არა მონტრეს კონვენციის იურიდიული ძალა ახალ არხზე? რეჯეფ ერდოღანმა კითხვას უკვე უპასუხა: „მონტრე მხოლოდ ბოსფორ-დარდანელის სრუტეებს ეხება. ეს ისტორიაა. სტამბოლის არხი“ კი ჩვენი, თურქული პროექტია, რომლის რეალიზებას ჩვენვე მოვახდენთ საკუთარი ძალებით“
ჰოდა, ამ სიტყვების შემდეგ თავსატეხის წინაშე ვდგებით: თურქეთი ბოსფორის სრუტით გემებს მონტრეს კონვენციის წესებით გაუშვებს, ახალი არხით კი – როგორც თვითონ სურს? ჰო, აბა რა – თუ თურქეთი თვითონაა არხის მფლობელი, უცხოებს რა საქმე აქვთ, ანკარა ვის გაუშვებს და ვის არა?
ისე, ამასთან დაკავშირებით უპრიანი იქნება ერთი ფაქტი გავიხსენოთ.
2008 წლის აგვისტოს ხუთდღიანი ომის დროს ამერიკის შეერთებულ შტატებს განზრახული ჰქონდა შავი ზღვის ქართულ ნაპირებთან სამხედრო მცურავი ჰოსპიტალი გაეგზავნა, რომლის წყალწყვა 68 ათასი ტონა იყო. თურქებმა ამერიკელებს შეახსენეს – თქვენი განზრახვა მონტრეს კონვენციის დებულებებს ეწინააღმდეგებაო… და აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებს შავ ზღვაში მხოლოდ მომცრო გემის – სულ რაღაც 12 ათასტონიანი წყალწყვის მქონე ხომალდის გაგზავნა მოუხდათ. მიხვდით, რა განსხვავებაა?
და თუ ახალი არხის მონტრეს კონვენციის შეზღუდვების მიღმა იქნება, მაშინ მხოლოდ ერთადერთი კრიტერიუმი რჩება – სურს თუ არა ანკარას შეუშვას არხში რომელიმე უცხოური, მათ შორის სამხედრო გემი? თურქეთის ლიდერის ცვალებადი ხასიათი და მისი მოულოდნელი ნაბიჯები ყველასათვის ცნობილია – რეჯეფ ერდოღანი თვით ოფიციალურ მოკავშირეებსაც და მეზობლებსაც კი ეჩხუბება ხოლმე. ჰოდა, როცა ასეთი რეალობაა, არც ვაშინგტონს და არც მოსკოვს არ სურს რეჯეფ ერდოღანის პოლიტიკური ვნებებისა და კომბინაციების მძევალი იყოს. ამიტომაც ახალი „გიჟური არხის“ მშენებლობა, რომელიც თურქეთის პრეზიდენტმა წამოიწყო, სხვადასხვა დედაქალაქებში ეჭვებს იწვევს: რომელი მიმართულებით რამდენი გემი გაიშვება არხში?
როგორც ჩანს, თურქეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის გადამდგარი ადმირალები თავიანთ „ბოლო აღლუმზე“ აშკარად მოსაჩვენებლად და საზოგადოებისათვის საკუთარი თავის გასახსენებლად არ გამოსულან, მათთან ვიღაცეებმა მჭიდროდ იმუშავეს. საეჭვოა, რომ ეს ჩვენს დიპლომატიურ წარმომადგენლობას – რუსეთის საელჩოს სამხედრო ატაშატს გაეკეთებინა. თურქ ადმირალებთან ამერიკელებს უფრო მიესვლებათ – მათ სამხედრო განათლება აშშ-ში და ნატოს ქვეყნებში აქვთ მიღებული. ერთი რამ აშკარაა: ასეთი მკვეთრი და ხისტი რეაქცია საფუძველს იძლევა ვიფიქროთ – რეჯეფ ერდოღანმა არხის თხრა რომ დაიწყო, იქნებ უკვე თვითონ მას ვიღაც ძირს უთხრის და ვერ გრძნობს?
იგივე თემას ეხმიანება აზერბაიჯანული გაზეთი „ნოვოე ვრემია“ («Новое время») სტატიით „აშშ-ის სახიფათო თამაშები შავ ზღვაში“ (ავტორი – რავილ ველიევი), რომლის მიხედვით, ადმირალთა საპროტესტო წერილში ვაშინგტონის კვალი ჩანს. თურქეთი არ აპირებს მონტრეს კონვენციიდან გასვლას და ამიტომ შეშფოთების საბაბი არავის არ აქვს, მით უმეტეს ამერიკას, რომელსაც შავიზღვისპირა ქვეყნის სტატუსი არ აქვს.
წყაროები: https://www.kp.ru/daily/27260/4393389/
https://www.novoye-vremya.com/posts/opasnye-igry-ssha-v-chernom-more-2021-04-05-185816