აგრო ექსპორტი 20%-ით გაიზარდა, აგრო იმპორტი კი 13%-ით შემცირდა – „აისეტი“

2021 წლის იანვარ-თებერვალში აგრო ექსპორტი 20%-ით გაიზარდა, აგრო იმპორტი კი 13%-ით შემცირდა,“ – ამის შესახებ „აისეტის“ კვლევითი ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

„2021 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს მთლიანმა ექსპორტმა 495 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელთან (531 მლნ აშშ დოლართან) შედარებით 7%-ით ნაკლები იყო. თუმცა, 2021 წელს აგრო ექსპორტი 20%-ით გაიზარდა და 134 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (2020 წელს 112 მლნ აშშ დოლარი იყო).

ქვეყნის მთლიანი იმპორტი 13%-ით, 1349 მლნ აშშ დოლარიდან 1 159 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა. იგივე ტენდენცია დაფიქსირდა აგრო იმპორტშიც, რომელიც 2021 წლის იანვარ-თებერვალში 13%-ით, 165 მლნ აშშ დოლარიდან 143 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა.

პანდემია უარყოფითად აისახა მთელ მსოფლიოში მოსახლეობის შემოსავლებზე და ასევე შეზღუდა ვაჭრობა, ამიტომ საერთაშორისო ვაჭრობის შემცირება მოულოდნელი არ ყოფილა. ლარის გაუფასურებამ კიდევ უფრო გაზარდა წნეხი იმპორტზე. საინტერესოა, რომ თუ აგრო ექსპორტში 2021 წლის იანვარ-თებერვალში დაფიქსირებული ზრდა შენარჩუნდა გრძელვადიან პერიოდში, ეს დადებითად აისახება საქართველოს საერთაშორისო ვაჭრობაზე,“-ნათქვამია „აისეტის“ ინფორმაციაში.