ხომ ვამბობდი, გაბრწყინდება-მეთქი!
ივერია. 2051 წელი, აპრილი…
კოვიდის 109-ე ტალღა კარს არის მომდგარი,
ეროვნული კუპონი სულ უფრო მყარდება და ჯიგრული ხდება…
გრიბოედოვის ძეგლი, როგორც იქნა, დაუნგრევიათ, მის ადგილას „უცნობისა“ და „ჯაპანას“ ბაჯაღლო ოქროს დაწყვილებული ქანდაკება დგას. შუადღეს, 12 საათზე პირველი გადასძახებს: „9-ში მოდიხარ?!”… მეორე პასუხობს: „რაზეა ბაზარი, მოვდივარ! მოვდივარ!“
დიდი ძვრებია უფროსობაშიც!
პარლამენტში ხავსმოდებული ქვის ლოდები საგანგებო სხდომას ატარებენ, შსს მინისტრად მხცოვანი ბადრი ესებუაა წარდგენილი…
ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან ამჯერად სამუდამოდ მიდის…
საქართველოს ახალი სულიერი მამა ჰყავს. კათალიკოს-პატრიარქის ორი ტიტულისთვის – „უწმინდესი და უნეტარესი” მესამეც დაუმატებიათ – „ამხანაგი“. პატრიარქის არწივისებურ გამოხედვასა და მოჭიმულ ფუგურაში ივერიის ღვაწლმოსილი პოლიტიკოსის, სამშობლოს ღირსეული შვილის იერი გამოკრთება… უწმინდესი, უნეტარესი და უამხანაგესი ანტონი II ერს აკურთხებს…
„დინამო არენაზე“ ეროვნული საფეხბურთო ნაკრები და მიწაბოგირა-ბანოჯას გაერთიანებული გუნდი წვალობს… ანგარიში 1:1 … ო, როგორ იტანჯებიან, რარიგ!
შარლ მიშელის პირად წარმომადგენელს კრისტიან დანიელსონს, მიტროპოლიტი ჟეკ დენიელსი მართლმადიდებლურად წესს უგებს… წმინდანი ბალყარეთის მთებში უნდა გადაასვენონ. კაპიტანი ბუხაიძე და მედიატორი კრისტიანი დერბენტსა და დარიალს უფრო მაგრად შეჰკრავენ!..
პარლამენტის წინ ოპოზიციის კარვებია დაცემული, მეპროტესტეები სკანდირებენ: „თვალთხარია“, გადადექი! გადადექი!“
სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ იტყობინება: „დიდმა ვლადიმერ პოზნერმა გაგვახარა,– 117 წლის იუბილე სექტემბრისთვის გადავიტანე, ბათუმში დასასვენებლად ჩამოვალ და დაბადების დღესაც ბარემ თქვენთან ერთად გადავიხდიო!
მე სამუდამოდ ჩამძინებია… 14 აპრილისთვის „ლიბერთი ბანკისგან“ პენსიას მაინც ველოდები…
კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო…
ზ.ო. – 2021, აპრილი
ზურა ოდიალავაძე