მამა ლევანი პეტრე ცაავას : აქამდე თუ პატრიარქი გვიცავდა, ახლა ჩვენ დავიცავთ!

_____მეუფე პეტრეს (ცაავა)_____
მართალია მე უბრალო მღვდელი ვარ და თქვენ უმაღლესი იერარქი, მაგრამ დღეს უკვე თავს უფლებას მივცემ ვთქვა ჩემი სათქმელი, იმიტომ კი არა რომ განგიკითხოთ, ან გლანძღოთ, არა, ხალხის თვალებში შეხედვის რომ არ შემრცხვეს იმისთვის, წეღან ჩემი ტაძრის მსახურებს შეკრება უნდოდათ, ერთად ვივახშმებთო, დიდი მარხვის გამო უარი ვუთხარი და გაითვალისწინეს.

მთელი მარხვა ერთ ჭიქა სასმელს არ სვამენ. ერის ადამიანებს რამდენი რამისგან თავშეკავებისკენ მოვუწოდებთ და მიტროპოლიტი საპატრიარქოსთან მიტინგს მართავთ. მე არც რჯულის კანონებით ლაპარაკს შემოგბედავთ, მხოლოდ ადამიანურად ვისაუბრებ და თავად იმსჯელოს მსმენელმა.

პატრიარქს ამხელთ: რომ 1977 წელს, მის აღსაყდრებას, არაკანონიკურად ესწრებოდა რუსეთის პატრიარქი პიმენი. 1983 წელს დახვრეტისგან არ დაიცავა უდანაშაულო მღვდელი. 1989 წლის 9 აპრილს შეეძლო და არ გადაარჩინა ხალხი. 1990 წლებში მოუწოდებდნენ, რომ გაენთავისუფლებინა ეკლესია მამათმავლებისგან და არ შეისმინა, აკურთხა მამათმავლი მღვდელმთავრები და თვითონაც მონაწილეობდა ამ ცოდვაში.

თქვენ ხომ საქართველოში ცხოვრობდით, იყავით ჯავახიშვილის სტუდენტი, პოლიტიკურად აქტიური, ეს ყველაფერი თუ მართალია- ხო იცოდით, 1997 წელს მის დაარსებულ სემინარიში რაღატო ჩააბარეთ? რა გინდოდათ ესეთ ხალხთან. მისი კურთხევით 2000 წელს ან ბერად რატომ აღიკვეცეთ? ან დიაკვნობა და მღვდლობა რატომ მიიღეთ? დაგაძალეს? პატრიარქის მხარეში მსახურებისთვის სიხარულით რატომ წახვედით? 2002 წელს რატომ მიიღეთ მისგან ეპისკოპოსობა?

პატრიარქს საყვედურობთ 2004 წელს, გიორგობას, ვარდების რევოლუციის წლისთავზე აკურთხე სამების ტაძარიო, რითაც შიში აჩვენეო. როგორც ჩანს თქვენთვის რევოლუცია და აქციები უფრო მნიშვნელოვანი ყოფილა, ვიდრე გიორგობა, თორემ ეს სხვას არავის მოგვსლია აზრად, იმიტომ რომ გიორგობა ქართველებისთვის ყველაფერია.

საყვედურობთ 2005 წელს, მამათმავლობაში მხილებული ზურაბ ჟვანია სამებიდან გაასვენეო? და ამავე პატრიარქისგან 2 წელიწადში მთავარეპისკოპოსის და კიდევ 3 წელიწადში მიტროპოლიტის ტიტულს რატომ იღებთ? რად გინდოდათ. თქვენს თვალწინ ხო ჩადიოდა ამ ,,საშინელებებს”, რატომ არ თქვით უარი ჭყონდიდლობაზე? რატომ აქებდით 2017 წლამდე უწმინდესს? მერე მოხდა ეს ყველაფერი? რატომ ჩადიოდით სინოდის წევრებთან სტუმრად, ან თქვენთან რატომ იწვევდით, სიყვარულზე და ძმობაზე რატო ელაპარაკობდით, თუ ისეთი ცუდები არიან როგორც ეხლა ამბობთ? გამოგიშვეს სინოდიდან და მერე გახდა ცუდი ეკლესია?

განა ფანატიკოსი ქრისტიანი ვარ და იმას ვამბობ რომ გამორიცხულია ვინმესგან რამე ცოდვა, უბრალოდ მანამდე გეთქვათ, მანამდე წამოსულიყავით. ამდენი რამე მოგცათ კაცმა და სიბერე გაუმწარეთ, მორწმუნე ხალხს გულები ჩაგვიკალით, მერყევნი დააბრკოლეთ და სექტანტებზე მეტი ავნეთ ეკლესიას. ღმერთმა დამიფაროს, მე რომ ეკლესიაში რამე ცუდში გარევის წინაშე დავდგე, მართალია დიდი ოჯახი მყავს სარჩენი მარა წამოვალ, საინჟინრო მაქვს დამთავრებული, პაპებმა მიწები დამიტოვეს და ვნახავ რამე გზას. უცოლშვილო კაცი ვერ გაიტანდით თავს? კაცს, მღვდელმთავარს ეს გშვენით?

მაგალითად პოლიტიკოსისგან ყველას გვინახავს, წლები რომელიმე პარტიაშია, აქებს თავის პარტიას, გამოდის სიტყვით და უცებ… ვთქვათ დილით გამოუშვეს პარტიიდან, საღამოს უკვე აგინებს თავის გუნდს, ეგ ქურდები, ეგ ესეთები, ეგ ისეთები, ვინმე უჯერებს? ისევე ვერ დაგიჯერებთ თქვენც. აქამდე პატრიარქი გვიცავდა- ახლა ჩვენ დავიცავთ!

მამა ლევანი,  ქ.კასპი; სოციალური ქსელი