“facebook”-მა პლატფორმიდან წაშალა “ქართულ მარშთან” დაკავშირებული ანგარიშები, გვერდები და ჯგუფები.
როგორც კომპანიის განცხადებაში ვკითხულობთ, საუბარია 23 “ფეისბუკ” ანგარიშზე, 24 გვერდზე, 12 ჯგუფსა და 11 “ინსტაგრამ” ანგარიშზე, რომელთა სამიზნეს ადგილობრივი აუდიტორია წარმოადგენდა.
“ფეისბუკის” განცხადებით, მათმა გამოძიებამ იპოვა კავშირი აღნიშნულ ქსელსა და “ქართულ მარშთან” და მის ახალგაზრდულ ფრთასთან აოსცირებულ ინდივიდებს შორის:
“წავშალეთ 23 “ფეისბუკ” ანგარიში, 24 გვერდი, 12 ჯგუფი და 11 ინსტაგრამ ანგარიში საქართველოდან, რომელთა სამიზნეს ადგილობრივი აუდიტორია წარმოადგენდა” ,- წერია ფეისბუკის განცხადებაში.
კომპანიის განცხადებით, აღნიშნული ქსელი ატლანტიკური საბჭოს ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორიის ანგარიშის შედეგად აღმოაჩინეს.
DFRLab-ის ინფორმაციით, აღნიშნული ქსელი მიზნად ისახავდა გაეღრმავებინა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი და ინიღბებოდნენ, როგორც გასართობი და ონლაინ გაყიდვების პლატფორმები:
“ფეისბუკის” წარმომადგენლის თქმით, ადამიანები, რომლებიც აღნიშნული აქტივობების უკან დგანან, ყალბ და დუბლირებულ ანგარიშებს იყენებდნენ, რომ დაეწერათ პოსტები, კომენტარები და ემართათ გვერდები და ჯგუფები. ქსელს მრავალი გაფრთხილება ჰქონდა მიღებული “ფეისბუკის” სტანდარტების დარღვევაზე, სიძულვილის ენის გამოყენების გამო.
ისინი ფოკუსირებული იყვნენ “ქართული მარშის” კონტენტის გავრცელებაზე და წერდნენ საქართველოში მიმდინარე ახალ ამბებზე, მათ შორის არჩევნებზე, ბრალდებებზე არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, პანდემიაზე და აკრიტიკებდნენ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს. ქსელი ოპერირების ადრეულ სტადიაზე იყო, როდესაც წავშალეთ”, – ამბობს ფეისბუკის წარმომადგენელი.
განცხადებაში “ფეისბუკი” აღნიშნავს, რომ მათი გუნდი აგრძელებს ფოკუსირებას შეცდომაში შემყვანი კამპანიების პოვნასა და პლატფორმიდან წაშლაზე. კომმპანიის თქმით, მარტის თვეში 14 ასეთი ქსელი წაშალეს 11 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც.
ულტრანაციონალისტურმა მოძრაობამ „ქართულმა მარშმა“ პარტია 2020 წლის ივნისში დააარსა.
“ნეტგაზეთი”