გამოდიან და იძახიან, არ წახვიდეთ ეკლესიაშიო. რატომ?- იმიტომ რომ მათი მამა ეშმაკია, ეშმაკს არ უნდა ეკლესია, არ გაიგონოთ ეშმაკის ძახილი…- მეუფე სპირიდონი

სხალთელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე სპირიდონმა ხარების დღესასწაულზე ქადაგების დროს, ქვეყანაში შექმნილ ეპიდვითარებასა და ვაქცინაციაზე ისაუბრა.

„რას წამლავ შენს ხალხს, რას უშვებ ათას ოხრობას და უბედურებას მის სისხლში, რამდენი ხალხი დაიღუპა. ექიმები ხართ და იმის მაგივრად ხალხს იცავდეთ, გამოდიხართ და ეშმაკისაკენ დევნით ხალხს. თან ეუბნები, ჩუმად, ხმა არ გაიღოო, ვინც ავად გახდა, არ თქვაო. სატანის მოციქული არა ხარ ამის შემდეგ? – აბა ვინ ხარ, შვილო! მაგრამ ვერ მოერევი საქართველოს, ივერია ღვთისმშობლის წილხვედრია, დაგანგრევს დედა ღვთისმშობელი.

შარშანდელ დასაკრავს უკრავენ – არ წახვიდეთ ეკლესიაშიო, სატანისტები, ეშმაკის მოციქულები. სულ იძახდნენ, არ დაგინახოთ ეკლესიაში წასულნი, თორემ კუბოები იქნებაო, ამბობდნენ ეს ეშმაკის შვილები. გამოვიდა პატრიარქი, მთელი ღამის წირვა აღავლინა ღამის თევით და ჩაცხრა მთლიანად კოვიდი – 3-4 შემთხვევა იყო დღეში, ზოგჯერ სულ არ იყო.

ახლა, დღეს გამოდიან და იძახიან, არ წახვიდეთ ეკლესიაშიო. რატომ?- იმიტომ რომ მათი მამა ეშმაკია, ეშმაკს არ უნდა ეკლესია. არ გაიგონოთ ეშმაკის ძახილი. ჩვენ ეკლესია გადაგვარჩენს, ქრისტეს სისხლი და ხორცი გადაგვარჩენს… თუ ეკლესიაში არ ვიქნებით, ძალიან მძიმე იქნება განსაცდელი, ძალიან მძიმე“,- აღნიშნა მეუფე სპირიდონმა.