აშშ სულ უფრო შეშფოთებულია აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის ბოლოდროინდელი ესკალაციით, მათ შორის რუსული ჯარების უკრაინის საზღვართან გადაადგილების გამო. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა.
„რუსეთს უკრაინასთან საზღვარზე უფრო მეტი ჯარი ჰყავს, ვიდრე ოდესმე ჰყავდა 2014 წლიდან. მხოლოდ მიმდინარე კვირას ხუთი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. ეს ყველაფერი ღრმა შეშფოთებას იწვევს“, – აღნიშნა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
8 აპრილს ტელეკომპანია CNN-მა პენტაგონში წყაროზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობის გაძლიერების ფონზე, აშშ უკრაინის მხარდაჭერის გამოსახატად შავ ზღვაში სამხედრო ხომალდების გაგზავნას განიხილავს.
უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ვითარება კვლავ დაძაბულია. 1-ელ აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთი უკრაინასთან საზღვარზე კუნთებით თამაშში დაადანაშაულა.
30 მარტს უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალმა, რუსლან ხომჩაკმა განაცხადა, რომ რუსეთი სამხედრო სწავლებების საბაბით უკრაინის საზღვართან შეიარაღებულ ძალებს კრებს.