ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეას უმძიმესი პერიოდი ელოდება. პარტიულ კონფერენციაზე მან დღეს არსებული მდგომარეობა 1990-იან წლებს შეადარა, როდესაც ქვეყანაში შიშმილისგან 3 მილიონამდე ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ apnews.com იუწყება.
კატასტროფული მდგომარეობის მიზეზი პანდემიის გამო ჩინეთთან ვაჭრობის პრაქტიკულად სრული გაჩერებაა და საერთაშორისო სანქციები ფხენიანის ბირთვული პროგრამის გამო.
კიმ ჩენ ინმა ამას „რთული სვლა“ უწოდა. ჩრდილოეთ კორეელებისთვის დღეს მთავარი საკვები სიმინდია, რომელიც ბოლო დროს მნიშვნელოვნად გაძვირდა. „როდესაც კიმ ჩენ ინი სირთულეებზე საუბრობს, ამაში უჩვეულო არაფერია, მაგრამ ის ფაქტი, რომ მან „რთულ სვლაზე“ დაიწყო საუბარი, მიუთითებს, რომ სიტუაცია ძალზე მძიმეა“ – განაცხადა BBC-ის ანალიტიკოსმა კოლინ ზვირკომ.
ჩრდილოეთ კორეაში სიტუაცია მარტივი არასოდეს ყოფილა. მთავრობა ეკონომიკის ყველა სფეროს აკონტროლებს, ხოლო ჯარსა და ძალოვან უწყებებზე უზარმაზარი ხარჯების გამო რიგითი ჩრდილოკორეელები სიღარიბეში ცხოვრობენ.
კორონავირუსის პანდემიამ სიტუაცია კიდევ უფრო გაართულა. ფხენიანში აცხადებენ, რომ საზღვრების დაკეტვის გამო ქვეყანა კორონავირუსს გადაურჩა, მაგრამ ექსპერტებს ამ განცხადებებში ეჭვი ეპარებათ. ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ჩრდილოეთ კორეისთვის ერთადერთი გამოსავალია ჩინეთთან ვაჭრობის აღდგენა.