მცდარი გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა წარმატებას ვუსურვებ

“ევროპული საქართველოს” ახალი თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას თქმით, პოლიტიკურმა ლიდერებმა, რომელთაც პარტიის დატოვება გადაწყვიტეს, არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს. ბოკერიას განცხადებით, მიუხედავად ამისა, წარმატებას უსურვებს ყოფილ თანაგუნდელებს.

“ვწუხვარ. ჩემი აზრით, მათ მიიღეს მცდარი გადაწყვეტილება ქვეყნისთვის ასეთ რთულ ვითარებაში, მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, წარმატება მინდა ვუსურვო და მადლობა ვუთხრა იმ განვლილი გზისთვის, რაც აქამდე გავიარეთ.

თუ მომავალშიც “ევროპული საქართველოს” ინტერესები დაემთხვევა [ინტერესებს] ნებისმიერი ადამიანისა, რომელიც ჩვენი თანაგუნდელი იყო, ის ჩვენი პარტნიორი იქნება”, — დასძინა მან.

ბოკერიას განცხადებით, “ევროპული საქართველოს” ამჟამინდელი გუნდი “შეუცვლელია” ბიძინა ივანიშვილის დამარცხების, ლიბერალური დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საქმეში.

ახალ თავმჯდომარეს ასევე ჰკითხეს, რას იტყვის პარტიის აწ უკვე ყოფილი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებაზე, რომლის თანახმადაც,  ის რაც ბოკერიასთვის “პასუხისმგებლობით აღსავსე გადაწყვეტილებაა”, მისთვის “ლამაზად შეფუთული უპასუხისმგებლობაა”.

“ძალიან ვწუხვარ, რომ გიგი უგულავამ თავი ვერ შეიკავა დღესაც პოლიტიკური ჩხვლეტისგან, მაგრამ მინდა, მას, ისევ როგორც ყველა სხვას, კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა აქამდე განვლილი გზისთვის”, — თქვა ბოკერიამ უგულავას საპასუხოდ.

გიგა ბოკერია “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე დღეს, 10 აპრილს გახდა. გადაწყვეტილება პარტიის ყრილობაზე მიიღეს.

რამდენიმე საათით ადრე, პარტიის აწ უკვე ყოფილმა ლიდერებმა — გიგი უგულავამ და დავით ბაქრაძემ — “ევროპული საქართველოს” დატოვების შესახებ განაცხადეს. მათი თქმით, პარტიის ფუნდამენტურად განახლება არ ხდება. მცირე ხნის შემდეგ, მსგავსი გადაწყვეტილების შესახებ განაცხადეს ლევან თარხნიშვილმა და გოკა გაბაშვილმაც.

 

“ნეტგაზეთი”