სტრასბურგის სასამართლომ მხარი დაუჭირა ჩეხეთში ბავშვთა სავალდებულო ვაქცინაციას

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სამართლიანად მიიჩნია ჩეხეთის მთავრობის გადაწყვეტილება ბავშვების სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ.

სტრასბურგის სასამართლოში ჩეხეთის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს იმ ოჯახებმა, რომელთა შვილები დააჯარიმეს ან არ დაუშვეს სკოლასა და ბაღში, რადგან მათ სავალდებულო აცრები არ ჰქონდათ ჩატარებული.

მოსარჩელეები ჩეხეთის მთავრობის მოთხოვნას სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევად მიიჩნევდნენ, რაც პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცვის უფლებას გულისხმობს.

მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს მოსაზრებით ჩეხეთის ვაქცინაციის პოლიტიკა იჭრება ადამიანების პირად ცხოვრებაში, იგი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის აუცილებელ ზომას წარმოადგენს.

“მთავრობის შემოღებული ზომები შეიძლება ჩაითვალოს როგორც აუცილებელი ზომა დემოკრატიულ საზოგადოებაში. მიზანი ის არის, რომ ყველა ბავშვი დაცული იყოს სერიოზული დაავადებებისგან ვაქცინაციის გზით ან საზოგადოებრივი იმუნიტეტის საშუალებით. ვაქცინაციის პოლიტიკას ჯანმრთელობისა და სხვისი უფლებების დაცვის ლეგიტიმური მიზნები აქვს, ვინაიდან იცავს როგორც მათ, ვინც მოცემულ ვაქცინებს იკეთებს, ასევე მათ, ვისაც სამედიცინო მიზეზების გამო აცრა არ შეუძლია” – თქვა სასამართლომ.

სასამართლოს დიდი პალატის 16-მა მოსამართლემ გაამართლა ჩეხეთის პოლიტიკა, მხოლოდ ერთი მოსამართლე წავიდა წინააღმდეგ.

ჩეხი მშობლების სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში პანდემიის დაწყებამდე შევიდა.

წყარო: itv.ge