ოპოზიციურ ფლანგზე გარკვეული მოძრაობები შეიმჩნევა. არაა გამორიცხული, რომ ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას შემდეგ, პოლიტიკური განაცხადი მომღერალმა გიოგი გაჩეჩილაძემ, იგივე „უცნობმაც“ გააკეთოს. შესაბამისად, ჩნდება მოლოდინი, რომ საზოგადოებაში დაკვეთილი მესამე ძალის ფორმირება შეიძლება მოხდეს და „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური ველიდან ჩაწიონ.
უცნობმა და მისმა მხარდამჭერებმა 9 აპრილს ევროპის მოედნიდან დედაენის ბაღის მიმართულებით მსვლელობა გამართეს. აქცია საკამოდ მრავალრიცხოვანი იყო. შეკრების დროს, უცნობმა მოქალაქეებს მიმართა:
„ეს არის საქართველო, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ მოკვდება, რამდენიც არ უნდა აწამონ, ჩეხონ, ესროლონ და იცით, რატომ? ის უფალია და ვერ ხვდებიან ეს მანქურთები, რომ უფალს ვერ მოკლავ, ვერა“ – ასე მიმართა გია გაჩეჩილაძემ შეკრებილებს.
მსვლელობის მონაწილეების განცხადებით, პროტესტი ეძღვნება იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც იბრძვიან ძალაუფლებისთვის და არა ხალხისთვის.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ამ ეტაპზე უცნობსაც და გიორგი გახარიასაც რაიმე წარმატების მიღწევა გაუჭირდებათ. მისი თქმით. უცნობმა ხალხი სპონტანურად გამოიყვანა და იქ სახვადასხვა ელექტორატი იყო. ამიტომაც მის პოლიტიკურ შესაძლებლობაზე ამ ეტაპზე საუბარი რთულია. რაც შეეხება ყოფილ პრემიერ გიორგი გახარიას, ანალიტიკოს მიაჩნია, ის დღესვე პარტია რომ წარმოადგინოს, 5%-მდე ბარიერის გადალახვას შეძლებს.
„მიუხედავად იმისა, რომ მესამე ძალის შექმნის მოთხოვნა საზოგადოებაში არსებობს, ამ ნიშის შევსება რთულია. ამის პრეტენზია ბევრს ჰქონდა, მაგრამ ცდა წარუმატებლად დასრულდა. ამიტომაც თუკი უცნობიც და გახარიაც პოლიტიკაში აქტიურად შემოსვლას გადაწყვეტენ, მათ ბევრი რამის გათვალისწინება მოუწევთ, იგივე რომ არ დაემართოთ, რაც ბევრ პოლიტიკურ ძალას. ამ ყველაფერს თანმიმდევრული და გონივრული მოქმედება სჭირდება, გარდა იმისა, რომ პოლიტიკური კაპიტალი საჭიროა. მართალია უცნობს სამოქალაქო კაპიტალი გააჩნია, თუმცაა ამის პოლიტიკაში ტრანსფორმირება საკამოდ რთულია. ამავე დროს, უცნობისგან განსხვავებით გახარიას ეს პოლიტიკური კაპიტალი აქვს, მაგრამ მხოლოდ ეს საკმარისი არ არის. ახლა ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, ვისთან ერთად გამოჩნდება. ძალაინ რთულია ასე უცბად 27%-იანი მხადაჭერის მქონე პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ შეავიწროვო ან ჩაანაცვლო. ეს ძლიან რთული მისია იქნება“, – აცახდებს ძაბირაძე „რეზონანსთან“.
მისივე თქმით, თუ გახარია პოლიტიკურ ველზე კალაძე-კვირიკაშვილთან ერთად შემოვა, ეს ტრიადა სწორი ქმედებების შემთხვევაში რეალური მესამე ძალის ფორმირებას შეძლებს. არაა გამორიცხული, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ მსგავსი ძალა შექმნან. საზოგადოებაშიც ამ ეტაპზე არც თუ დიდი იმედია, რომ რაღაცა გამოჩნდება და ვიღაცა ამ ორი პოლიტკური ძალის ალტერნატივა გახდება. ან კიდევ ვინმე ასე სწრაფად „ნაციონალების“ ჩანაცვლებას შეძლებს.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ უცნობი და გიორგი გახარია, ორი სხვადასხვა ფიგურაა. გიორგი გაჩეჩილაძე უფრო სამოქალაქო პერსონაა, რომელსაც სხვადასხვა ასეთი გაერთიანება ჰქონდა. მას არა ერთხელ უთქვამს, რომ პოლიტიკა არ აინტერესებს, ამიტომაც ნაკლებდ აქვს მოლოდინი, რომ უცნობი რაიმე პოლიტიკური სახის განაცხადს გააკეთებს. რაც შეეხება გიორგი გახარიას, ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ მისი პოლიტიკური აქტივობა ჯერჯერობით კითხვის ქვეშაა. არ ვიცით, რა სახის განაცხადს გააკეთებს და ვისთან ერთად.
„უცნობს რაც შეეხება, მე მგონი აქ პოლიტიკურ განაცხადზე საუბარი არ არის, რადგანაც მას არა ერთხელ უთქვამს, რომ სამოქალაქო აქტივისტია და არა პოლიტიკოსი. ამიტომაც არ მგონია, რომ მის მომავალ პოლიტიკურ საქმიანობაზე საუბარი შესაძლებელია. რაც შეეხება გიორგი გახარიას, ალბათ ჯერჯერობით რთულია მისი შესაძლებლობების შეფასება, როდესაც წესიერად არც გამოჩენილა და მისი გუნდის შესახებაც არაფერი ვიცით. ყველაზე საინტერესო კი ალბათ ის არის, აპირებს თუ არა ის ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და როგორი ფორმატით.
ის ჯერჯერობით დროს ელოდება, შეხვედრებს მართავს და, როგორც ჩანს, გუნდის შემოკრებას ცდილობს. თუ აპირებს პოლიტიკაში უკვე მეორედ სერიოზული სიტყვა თქვას, ბუნებრივია კონსულტაციებს გადის და სათანადოდ ემზადება. პირადი მე გაჩეჩილაძის და გახარიას აქტივობებს ერთმანეთისგან გავყოფდი. რაც შეეხება „ნაციოანლების“ პოლიტიკური ველიდან ჩაჩოჩებას, ეს არის საზოგადოების დიდი ნაწილის დაკვეთა. ამისთვის კი საჭიროა პოლიტკური ლოკომოტივები და ლიდერები, რომლებიც ამ პარტიასთან აფილირებული არასდროს ყოფილან“ – ამბობს აბაშიძე
მისივე თქმით, „ნაციონალებმა“ და მისმა განშტოებებმა საზოგადოებას კინკლაობით და საქმეზე არაორიენტირებულობით თავი მოაბეზრეს. ამიტომ საზოგადოება მიხვდა, რომ საქართველოს ცხოვრებაში საჭიროა ეკონომიკურ-პოლიტიკური ცვლილებები. რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მათ მარიონეტული პარტიები მოსახლეობას ვერ სთავაზობენ. ამიტომ კონსტრუქციულ ოპოზიციურ ძალაზე დიდი მოთხოვნაა და გარკვეულ შევსებას მოითხოვს. ადრე თუ გვიან ამას ვიღაცა მოახერხებს.
წყარო: resonancedaily.com