ბაგების ავტობუსიდან გურამ პეტრიაშვილის კინოგმირივით ჩამომაგდეს!… – ზაზა დავითაია

„გგონიათ, ქვეყანაზე მშვიდობის მოსატანად მოვედი? არა, გეუბნებით თქვენ, გასაყოფად. რადგან ამიერიდან ხუთნი გაიყოფიან ერთ სახლში, სამნი ორის წინააღმდეგ და ორი სამის წინააღმდეგ. გაიყოფიან, მამა ძის წინააღმდეგ და ძე – მამის წინააღმდეგ; დედა – ასულისა და ასული დედის წინააღმდეგ”. ხალხსაც უთხრა: “როცა დასავლეთიდან მომავალ ღრუბელს დაინახავთ, მაშინვე იტყვით: იწვიმებსო, და ასეც ხდება. ხოლო, როცა სამხრეთის ქარი დაუბერავს, იტყვით: დაცხებაო, და ხდება. თვალთმაქცნო! ცისა და მიწის პირის გამოცნობა შეგიძლიათ, ეს ჟამი კი როგორ ვერ გამოგიცვნიათ? თავად რაღატომ არ განსჯით, რა არის სამართლიანი?“

ლუკა,12. 51-57

***

ახლა რომ არ მოვწიო, ვიღაცა შემომაკვდება აქ! – აცხადებს ავტობუსში გურამ პეტრიაშვილის პერსონაჟი კინოფილმში „ნეილონის ნაძვის ხე“ და მგზავრების პროტესტის ფონზე სიგარეტს უკიდებს… მაგრამ როდესაც მეორედ მოინდომებს გაბოლებას, აღშფოთებული მგზავრები მას ავტობუსიდან აგდებენ.  აგდებენ კაცს, ტყისპირზე, შეღამებულზე, როცა ახალი წლის დადგომამდე ორიოდე საათია დარჩენილი, თუმცა შემდეგ სინანული ეუფლებათ – იქნებ ჯობდა, მისი ახირება მოეთმინათ, კაცი ავტობუსიდან გასაძევებლად და მგლის ლუკმად არ გაემეტებინათ…

ამ სტრიქონებს ავტორს, რამდენიმე დღის წინ მსგავსი ამბავი შემემთხვა, თუმცა, ჩემს „ახირებაზე“ გაცილებით მნიშვნელოვანი საფრთხე ემუქრება არა მხოლოდ იმ ავტობუსის მგზავრებს, საიდანაც ჩამომაგდეს, არამედ, სრულიად კაცობრიობას…  მოკლედ, ჯერ თავსგადამხდარ ამბავს გიამბობთ:

***

ვაკეში, ფიზკულტურის ინსტიტუტის სიახლოვეს დანიშნულ მნიშვნელოვან შეხვედრაზე მაგვიანდებოდა. მეტრო „უნივერსიტეტიდან“ სულმოუთქმელად ავირბინე უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსამდე, მდინარე ვერეზე შეკიდებული ხიდით ბაგებში გადავედი და სტუდქალაქთან ბოლო გაჩერებაზე ახალდაძრულ ავტობუსს შევახტი. სულ რამდენიმე გაჩერება უნდა მევლო დანიშნულების ადგილამდე. თავდაუზოგავად ნარბენმა მკერდში მკვეთრი ტკივილი ვიგრძენი, ამიტომ, თავს უფლება მივეცი, პირბადიდან ცხვირი მაინც გამეთავისუფლებინა, რათა არცთუ  სუფთა ჰაერს დავწაფებოდი. შვება ვიგრძენი. ტკივილი თანდათან სუსტდებოდა. ავტობუსში მხოლოდ რამდენიმე ადამიანი იჯდა.  შუახნის ქალბატონი ერთხანს ბოროტი მზერით მაკვირდებოდა, მერე მოულოდნელად, ფამილარულად და შეურაცხმყოფელი ტონით, პირდაპირ ამ სიტყვებით მომმართა:  – შენზე ნაკლები რით ვარ, მე თუ ვიგუდები, შენ ცხვირი რა უფლებით მოგიშიშვლებია, რეგულაციებს დაემორჩილე და სასწრაფოდ აიწიე პირბადეო. შეურაცხყოფაზე რომ გადმოვიდა, მშვიდად მივუგე – ქალბატონო, გული მიჭერს, 1 წუთით ჰაერს ჩავისუნთქავ და აუცილებლად ავიწევ მეთქი, მაგრამ უფრო მეტად გაწიწმატდა – ახლავე პატრულს დავურეკავო. თან, მძღოლს გასძახა – გააჩერე ავტობუსი, ან პირბადე აიწიოს, ან ავტობუსიდან ჩავიდესო. 

ერთხანს, უბრად მჯდომი ვფიქრობდი, თუ როგორ გარდაიქმნა, როგორი დაუნდობელი და შეუბრალებელი გახდა გულისხმიერი, მოსიყვარულე და შეგნებული ქართველი საზოგადოება, ვისთვისაც, საბჭოთა პერიოდშიც კი, კანონზე მაღლა ადამიანური ზნეობის კოდექსი იდგა… როგორ დაკარგა ემპათია და თანაგრძნობა… საკუთარ მაგალითზე გავაცნობიერე, რომ მხეცის ინსტიქტის წინაშე ვიმყოფებოდი, რომელიც შესაძლოა, კმაყოფილიც კი დარჩენილიყო, იქვე ინფარქტი რომ დამმართნოდა და გავთავებულიყავ! მას არაფრის გაგონება არ სურდა! მხოლოდ ის უნდოდა, რომ თავისი გაეტანა. რატომ? ალბათ, საკუთარი უსუსურობის გამართლებას ცდილობდა, რომ წინააღმდეგობას ვერ უწევს იდიოტურ რეგულაციას, პირბადის ტარების შესახებ! და რადგან თავად უჭირს სუნთქვა, დაე, სხვასაც გაუჭირდეს!

ჩემი დუმილიც კი აშმაგებდა.    მძღოლს, აშკარად, არ უნდოდა გაჩერება, მაგრამ როცა ქალმა  წივილი ატეხა, მუდარის თვალებით შემომხედა და უსიტყვოდ მთხოვა, ხათაბალიდან მეხსნა. ორგანიზმი ჯერ ისევ ჟანგბადს მთხოვდა… მყისიერად შევაფასე სიტუაცია – მოვიდოდა პატრული, გამამტყუნებდა, შეიძლება დავეჯარიმებინე კიდეც. შეხვედრაზეც დამაგვიანდებოდა… ავდექი და ჩამოვედი ავტობუსიდან. მწარედ ჩაფიქრებულმა, გზა ფეხით გავაგრძელე.

***

მსგავს სიტუაციაში, ძვირფასო მკითხველო, ვინ იცის, თავადაც აღმოჩენილხარ!   რასთან გვაქვს საქმე? კაცობრიობისთვის აშკარად, რაღაც ახალი ეტაპი დაიწყო. ადამიანები იყოფიან. დაყოფის ზღვარი ჯერჯერობით, პირბადეზე გადის. უცხომ კი არა, შეიძლება, სრულიად მოულოდნელად, ოჯახის წევრმაც არ დაგინდოს, თუ პირბადის ტარებასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება გაგაჩნია! ადამიანების ნაწილს მიაჩნია, რომ დედამიწაზე დაუნდობელი პანდემია მძვინვარებს, ხოლო ხსნა  – პირბადის აფარებაში და ორგანიზმზე ჯერჯერობით შეუსწავლელი გავლენების  მქონე ვაქცინის შეშხაპუნებაშია, რომელიც, შესაძლოა, სულაც არ არის ვაქცინა, არამედ პლანეტის მოსახლეობის შესამცირებლად მორიგი იარაღია, ხელოვნურად შექმნილი კორონავირუსის შემდეგ, რათა, ვისაც ეს ვირუსი ვერ მოკლავს, ის „ვაქცინის“ შეშხაპუნებით გაისტუმრონ გაღმა, მარილზე!

***

დემოკრატიის ჩათვლით, რა ღირებულებებიც პლანეტაზე არსებობდა – ყველაფერი ყირაზე დადგა. აქ არ ვსაუბრობ იმის შესახებ, რომ სახელმწიფოში ნებისმიერი მოქალაქე კანონმორჩილი უნდა იყოს, თუმცა, ჩემი ჩათვლით უამრავი ადამიანისთვის პირბადის ტარება „ნელ სიკვდილს“ უდრის. აშკარად არ მყოფნის ჰაერი, აშკარად ცუდად ვხდები, როდესაც ხანგრძლივად მიწევს პირბადის აფარება, ვცდილობ, რაც შეიძლება სწრაფად დავტოვო მარკეტი, ტრანსპორტი, ნებისმიერი დახურული სივრცე, სადაც პირბადის გარეშე, უბრალოდ, ვერ შეხვალ, ვერ იყიდი პურს და წამალს, ვერ გადაადგილდები ტრანსპორტით და ა.შ.

პანდემიასთან ბრძოლისგან დამოუკიდებლად, პირბადე ხდება ადამიანების მორჩილებაში მოსაქცევი იარაღი.  ბოლო პერიოდში კი, ადამიანებს ღია სივრცეშიც აიძულებენ პირბადის ტარებას! გიჭირს სუნთქვა? იგუდები?  – არავინ შევა შენს მდგომარეობაში. ერთადერთი ადგილი, სადაც შეგიძლია ეს დაწყევლილი ჩვარი ცხვირ-პირიდან მოიხსნა – არის საკუთარი სახლი! რეალურად, სახლის გარეთ თავისუფლად სუნთქვა გეკრძალება! აღარაფერს ვამბობ რეგულაციებზე, რომლებმაც ადამიანები ერთმანეთს დააცილეს – ვერ იზიარებენ ერთმანეთის მწუხარებას, ჭირისუფალს მარტოდმარტოს უწევს ხოლმე გარდაცვლილი ოჯახის წევრის გაცილება; ლხინის დროსაც იკრძალება თავშეყრა… ადამიანებს პირბადის აფარებით, თითქოს, მორჩილების ლაგამიც ამოსდეს – თუ ახლობლის ჭირს და ლხინს არ გაიზიარებ, დიდი ხნის უნახავ ნათესავს და მეგობარს თუ არ გადაეხვევი – ის რაღა სიცოცხლეა? მოქალაქეები საშინელებათა ფილმების სიუჟეტების მსგავსად, ზომბებივით დაიარებიან…

***

რაღაც უხილავი ძალა ადამიანებს დღითიდღე უკვეცავს უფლებებს და იმორჩილებს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს არის ადამიანთა შემზადება უფრო დიდი მონობისთვის! ამ ეტაპზე, პირველადი მოხმარების პროდუქტებს და ნივთებს ვერ შეიძენ, თუ პირბადეს არ ატარებ… მაგრამ მოდის შემდეგი ეტაპი, როდესაც სამსახურებიდან დაითხოვენ; ყიდვა-გაყიდვის, თვითმფრინავით, გემით, მატარებლით და მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საშუალებას მოუსპობენ ყველა იმ ადამიანს, ვინც არ იქნება აცრილი! ხოლო, თუ ადამიანთა მოდგმა  ამ აკრძალვასაც სიტყვის შეუბრუნებლად დაემორჩილება, რაღა რჩება იქამდე, რომ მარჯვენა ხელსა და შუბლზე მხეცის ნიშანი მიიღოს და აპოკალიფსური წინასწარმეტყველების თანახმად, ეშმაკის კერძად იქცეს?!

***

იმის მიხედვით, რაც ხდება დღეს, შემიძლია, თამამად ვივარაუდო, რა მოხდება ხვალ და ზეგ.

დღეს: – „ამას პირბადე არასწორად უკეთია! მძღოლო, გააჩერე და ჩამოაგდე ავტობუსიდან! პოლიციავ, დაიჭირე და დააჯარიმე ურჩი!“ – ასეთია ანტიადამიანური რეგულაციების მიმართ მორჩილი ადამიანის ზოგადი სახე. ისინი თავიანთი უმწეობით არიან გაღიზიანებულები, ამიტომ ცდილობენ, ჯავრი მათზე იყარონ, ვინც ხმას იმაღლებს ძალმომრეობის წინააღმდეგ!

ხვალ: – „გააძევეთ მაღაზიიდან ხალხის მტერი, არ მიყიდოთ პური და ძეხვი, რადგან აცრილი არ არის და ჩვენთვის საფრთხეს წარმოადგენს!“ – იხუვლებს ვაქცინირებულთა ბრბო!

ზეგ: – მას არ მიუღია მხეცის ნიშანი! სადაც წააწყდებით, ცოფიანი ძაღლივით ჩაკალით! არ დაინდოთ მხეცის ჩიპის გარეშე დარჩენილები, ისინი კაცობრიობის, მსოფლიო წესრიგის, ადამიანთა შორის ერთსულოვნების მტრები არიან!

ფრთხილად, ადამიანებო! პლანეტაზე ანტიქრისტეს დიქტატურა მყარდება!

ზაზა დავითაია

წყარო: “ასავალ-დასავალი”