გემი სახელად ”საქართველო” სწორედ იმ საბედისწერო დღის შემდეგ დაიძრა არასწორი გზით…- გოგი ლორთქიფანიძე

9 აპრილთან დაკავშირებით და მის აღსანიშნავად დაღვრილი სისხლი და თავისუფლების იდეას შეწირული მსხვერპლი, ცხადია, ძალიან ცოდოა, სხვა მხრივ კი, აბა, რა გითხრათ…

ვფიქრობ, გემი სახელად ”საქართველო” სწორედ მაშინ, იმ საბედისწერო დღის შემდეგ დაიძრა არასწორი გზით. თუმცა, წარსულსა და ისტორიას ვეღარაფერი შეცვლის. როგორც ჰეგელმა ბრძანა: Все действительное разумно, все разумное действительно.
”ზვიადისტი” არასოდეს ვყოფილვარ (და ვერც ვიქნებოდი ჩემი მსოფლმხედველობის კაცი), თანაც მთელი ეს ”სამიტინგო” ესთეტიკა ძალზე შორსაა ჩემგან, მაგრამ – როგორც ერთმა ჩვენმა “ბრძენმა” პრეზიდენტმა იცოდა ხოლმე თქმა: განა ამის არდანახვა შეიძლებაო?
ზვიად გამსახურდია, მისი ქარიზმა, ენერგია, პათოსი, რიტორიკა, არქაული ღირებულების დამკვიდრებისადმი სწრაფვა, ადამიანური სისუსტეები, მთელ იმ “ეროვნულ მოძრაობასთან” ერთად, ბოლომდე გამოიყენა იმ ცინიზმით აღსავსე ანტიხალხურმა ძალამ, რომელმაც გამსახურდიას დამხობის შემდეგ თავისუფლად გაინავარდა საქართველოში, მთლიანად დაეუფლა ქვეყნის აქტივებს, ლამის მთელი ეკონომიკა თურქეთში ჯართად გაიტანა, პასივები კი დაბნეულ და შეცდომაში გამზრახ შეყვანილ ხალხს აკიდა და საშვილიშვილოდ გადააბარა კიდეც.
მხოლოდ შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, დიდი მნიშვნელობა არცა აქვს, მოკლეს გამსახურდია თუ სიკვდილამდე მიიყვანეს (ეს გამოძიებამ არკვიოს) – ფაქტია, რომ ზვიადმა თავის დროზე იმოქმედა როგორც ტანკმა, ”ტარანმა”, რომელიც საქართველოს მხრიდან არღვევდა და ანგრევდა საბჭოთა კედელს (რომლის დამცველთა შორის უამრავი შიდა მოღალატე აღმოჩნდა), ხოლო მერე, როცა ქონებრივი გადანაწილების დრო დადგა – ეს კაცი მოიშორეს. ნუ, რის ფასად და როგორ – მეტნაკლებად ცნობილია: თითქმის საყოველთაო გაღატაკების, ამაზრზენი 90-იანებისა და ტერიტორიების დაკარგვის ფასად. ეს მწარე სიმართლე გახლავთ.
და დღესაც მაშინ აღმოცენილი პოლიტიკური ძალები მართავენ საქართველოს – უკვე მემკვიდრეების სახით. იმიტომაცაა კარგად ჩვენი საქმე.
P.S. ვერ დავწერ აქ, რომ მეცოდება ზვიად გამსახურდია, ჩემი შესაცოდი ამ კაცს არაფერი ჭირს. ისტორიაში შევიდა – როგორც შევიდა.
P.P.S. მიშა სააკაშვილიც კი შევიდა უკვე ისტორიაში, მაგრამ ვაი ასეთ შესვლას!
P.P.P.S. და “ეროვნულ მოძრაობაში” მაშინ ჩართული და გვარიანად დაბერებული “ცნობადი სახეები” – ახლაც რომ ცხოვრების საუკეთესო ხანად საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური წყობის ნგრევაში ძალუმად მონაწილეობას მიიჩნევენ, – დღეს რითი ამაყობენ, სრულიად გაუგებარია ჩემთვის. ტელესურათს თუ დავუჯერებთ, ზოგი მათგანი “მიშისტობს”, ზოგი “ბიძინისტობს”, ზოგი მანასესავითაა – ხან ისე და ხან ასეო, მაგრამ 9 აპრილის სასაკლაოს გახსენებისას სიამაყით ნესტოები ებერებათ ხოლმე.
გ.ლ.

გოგი ლორთქიფანიძე, მწერალი; სოციალური ქსელი