ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, კორონავირუსის არსებული ვაქცინების ეფექტიანობა დაბალია და გაუმჯობესებას საჭიროებს.
“ჩვენ გადავწყვეტთ იმ პრობლემას, რომ ახლანდელ ვაქცინებს ძალიან მაღალი დაცვის ხარისხი არ აქვთ. ახლა განიხილება საკითხი, უნდა გამოვიყენოთ თუ არა სხვადასხვა ტექნოლოგიური ხაზის სხვადასხვა ვაქცინები იმუნიზაციის პროცესში”, —განაცხადა გაო ფუმ.
მან შეაქო mRNA ტექნოლოგიის (ე.წ. მესენჯერ ვაქცინები) ვაქცინები. mRNA ტექნოლოგიით წარმოებული ვაქცინებია “ფაიზერი” და “მოდერნა”. ხოლო ჩინეთში წარმოებული “სინოფარმი” და “სინოვაკი” ტრადიციულ მეთოდზე დამზადებული, ე.წ. ინაქტივირებული ვაქცინებია. ინაქტივირებული ვაქცინები, როგორც წესი, არ უზრუნველყოფენ ისეთივე ძლიერ იმუნიტეტს, როგორც ცოცხალი ვაქცინები. ამიტომ, დროთა განმავლობაში შეიძლება საჭირო გახდეს გამაძლიერებელი (ე.წ. booster shots) დოზა.
მას შემდეგ, რაც ჩინეთის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის განცხადება საერთაშორისო მედიაში გაშუქდა ისე, რომ ჩინეთმა აღიარა თავისივე არმოებული ვაქცინების არაეფექტიანობა, გაო ფუმ განმარტა, რომ ის საუბრობდა ზოგადად ვაქცინების ხარისხზე მსოფლიოში და არა საკუთრივ ჩინეთში.
საქართველომ ჩინეთის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა „სინოფარმის“ 100 000 დოზა აქვს შეძენილი. იმავე რაოდენობის “სინოვაკის” ვაქცინას კი ჩინეთის მთავრობა საქართველოს ჩუქნის.
“ნეტგაზეთი”