საქართველო გზაგასაყარზეა, დღეს ჩვენთვის ერთ-ერთი კრიტიკული პერიოდია, რადგან გამოჩნდა მესამე ტალღის აჩრდილი, – ამის შესახებ „იმედის კვირასთან“ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მოსახლეობა უნდა გადავიდეს პირბადეების უპირობო გამოყენებაზე, ასე გააქტიურდეს ვაქცინაციის პროცესი.
„ახლა ვართ გზაგასაყარზე, შევინარჩუნებთ ამ სტაბილიზაციის პერიოდს და გადაურჩებით იმას, რასაც ვერ გადაურჩა ევროპა ან ამერიკა… ან ვერ შევინარჩუნებთ, ვერც ჩვენ გადაურჩებით და აქაც დაიწყება მესამე ტალღა ყველა მისი თანმდევი უსიამოვნო მოვლენებით.
შეიძლება ვინმე შემეკამათოს, რომ მუდმივი სოლიდარობის გამოჩენა ამ თავშეკავებაში ძნელია, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა გამოვიჩინოთ. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ჯერ არაა სიკვდილობის მატება, ამას უნდა გაუფრთხილდეთ. თორემ თუ დაიწყო მესამე ტალღა, სიკვდილობას ერთნიშნა ციფრზე ვერ შევინარჩუნებთ. დღეიდან მთელი მოსახლეობა უნდა გადავიდეს პირბადეების უპირობო გამოყენების რეჟიმში ღია და დახურულ სივრცეში. უნდა მოვახერხოთ, რომ უახლოესი ორი-სამი თვის მანძილზე უარი ვთქვათ ხალხმრავალ შეკრებებზე. ამას თუ შევძლებთ და დღეში 6-7 ათასი ადამიანი თუ აიცრება, ჩვენ თავიდან ავიცილებთ მესამე ტალღას“, – განაცხადა ცერცვაძემ.