“ოპოზიცია, მაინც, ხელისუფლების არაკონსტიტუციური მეთოდებით ხელში ჩაგდებას ეცდება…”

?ვფიქრობ, არ აქვს მნიშვნელობა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმებას ხელი მოეწერება თუ არა. ოპოზიცია მაინც „უკრაინიულ მაიდანზე“ ოცნებობს და ხელისუფლების არაკონსტიტუციური მეთოდებით ხელში ჩაგდებას ეცდება. რა მაფიქრებინებას ამას?

თუ გახსოვთ, მაშინ უკრაინის პრეზიდენტი იანუკოვიჩი დათანხმდა ოპოზიციის ყველა მოთხოვნას და დასავლეთის და რუსეთის წარმომადგენლების შუამდგომლობით ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებდა: როგორც პარლამენტის, ასევე პრეზიდენტის ვადამდელ არჩეევნებს, 2004 წლის კონსტიტუციის დაბრუნებას, რომელსაც ოპოზიცია დაჟინებით მოითხოვდა. უფრო მეტიც ,__ იანუკოვიჩმა ბრძანება გასცა პოლიციას კიევი დაეტოვებინა. (ფაქტიურად ძალაუფლება დათმო). მაგრამ წავიდა თუ არა იანუკოვიჩი ხარკოვში, ოპოზიციამ იმის მაგივრად, რომ პროტესტი შეეწყვიტა და შეთანხმებისამებრ ვადამდელ არჩევნებს დალოდებოდა, სასწრაფოდ დაიკავა პრეზიდენტის რეზიდენცია და ყველა ადმინისტრაციული შენობა. ე.ი. სინამდვილეში მოახდინა სახელმწიფო გადატრიალება. ანუ შეთანხმებას ხელი მოეწერა და გადატრიალება მაინც მოხდა. ამ გადატრიალების შედეგად უკრაინას რაც დაემართა, მგონი ყველამ ვიცით, ხოლო რა ელოდება მომავალში, უცნობია.
პოსტსაბჭოთა სივრცეში, სადაც ჯერ კიდევ მყიფეა პოლიტიკური კონსტრუქციები და სუსტია ეკონომიკა, ქვეყნისთვის დამღუპველია არაკონსტიტუციური მეთოდებით ხელისუფლებისთვის ბრძოლა. ეს ყველამ უნდა შეიგნოს და გაითავისოს. ჰეგელის სიტყვებია: „ყველა ისტორიული მოვლენა მეორდება ორჯერ: პირველად როგორც ტრაგედია, მეორედ როგორც ფარსი.“ (ზუსტი ფორმულირება შეიძლება არ მახსოვდეს).

ჩვენ უკვე ნანახი გვაქვს როგორც ტრაგედია, ასევე ფარსიც. ამიტომ მესამედ იგივეს განმეორება საქართველოს საბოლოოდ გაანადგურებს.
მადლობა ღმერთს, ჩვენს ხალხს ჯერ-ჯერობით ყოფნის (ჭკუა მეთქი ვერ ვიტყვი) ინტუიცია და გამოცდილება, რომ რადიკალებს არ აჰყვეს და დაელოდოს ადგილობრივ არჩევნებს, რომელიც შემოდგომაზე ჩატარდება.
ხალხის უკმაყოფილება გასაგებია, მაგრამ ქვეყნისთვის ყველაზე მთავარი მაინც სტაბილურობაა.

ნანა მასხულია,