გერმანიაში დასაქმების მიზნით, პირველი ნაკადი – 20 ადამიანი საქართველოდან ხვალ გაემგზავრება. ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომითი მიგრაციის საკითხთა სამმართველოს უფროსმა, გიორგი ბუნტურმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
“საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს შერჩევისა და გასაუბრების პროცესი და უკვე გერმანიაში გარკვეული რაოდენობის ადამიანების სიაც გაგზავნილია; ნაწილზე შესაბამისი სამუშაო ნებართვებიც მიღებულია და პირველი ნაკადი გერმანიაში ხვალ გაემგზავრება სამუშაოდ. საუბარია 20 ადამიანზე, რომელიც კონკრეტულ ვაკანსიაზე დასაქმდება. ყველა მათგანი ერთ დამსაქმებელთან მოთხოვნილ ვაკანსიაზე იმუშავებს. ბუნებრივია, ეს იქნება სოფლის მეურნეობის მიმართულებით სამუშაო. პარალელურად, სხვა ვაკანსიებთან მიმართებით, ეს პროცესი გაგრძელდება და უწყვეტ რეჟიმში წავლენ ჩვენი მოქალაქეები. კი ჟღერს ეს რიცხვი – 98 000 საკმაოდ ხმამაღლა, მაგრამ რეალურად, დასაქმების მსურველი ბევრად ნაკლებია. ეს გვაჩვენა პრაქტიკამ გასაუბრებების ეტაპზე“ – განაცხადა გიორგი ბუნტურმა.
რაც შეეხება საფრანგეთს, ბუნტურის თქმით, ხელშეკრულება გაფორმებულია, რომელიც უკვე ძალაშია შესული.
“ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ფრანგულ მხარესთან შესაბამისი კონსულტაციები, რომ განხორციელების ეტაპზე გადავიდეთ. შევიმუშაოთ შესაბამისი სქემა, რომლის ფარგლებშიც ჩვენს მოქალაქეებს უკვე, ასევე ლეგალურად, შეეძლებათ საფრანგეთში დროებით დასაქმება. კონსულტაციები აქტიურად მიმდინარეობს და იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე საფრანგეთის მიმართულებაც ამოქმედდება. თუმცა, აქვე, ხაზი მინდა, გავუსვა, რომ ეს მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ფრანგულ მხარეზე ბევრად მეტი რამ არის დამოკიდებული, რამდენად სწრაფად დაასრულებენ ვალდებულებებს, რათა მივიდეთ სასურველ წერტილამდე, რასაც საფრანგეთში ლეგალურად დასაქმება ჰქვია.
საფრანგეთის შემთხვევაში, საუბარია კვალიფიციურ სპეციალისტებზე. 50 პროფესიაა განსაზღვრული, რომელთაც შეეძლებათ საფრანგეთში დასაქმება. აქ უკვე უფრო კვალიფიციურ სპეციალისტებზეა გათვლა. მაგალითად, მოთხოვნილი პროფესიებია მომსახურების სფერო, ბარმენები, სასტუმროს სერვისი, ასევე სამშენებლო სექტორის წარმომადგენლები, მზარეულები და ა.შ, სხვადასხვა როგორც პროფესიული, ასევე უმაღლესი განათლების კუთხით სხვადასხვა პროფესიის ადამიანები“ – განაცხადა ბუნტურმა.
წყარო: itv.ge