ხალხი დაწყნარდება იმ შემთხვევაში, როდესაც ნიკა გარეთ იქნება – ანზორ მელია

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას მამას, ანზორ მელიას დღევანდელ პროცესზე პოზიტიური მოლოდინები აქვს. ამბობს, რომ ის უნდა გაათავისუფლონ.

“უნდა გაათავისუფლონ, ასეა საჭირო და ქვეყანას ეს გამოადგება. პოზიტიური მოლოდინები მაქვს, რადგან ხელისუფლება, ალბათ, მივიდოდა იმ აზრამდე, რომ არ შეიძლება ასე დაპირისპირება იყოს ხალხში, ხალხი დაწყნარდება იმ შემთხვევაში, როდესაც ნიკა გარეთ იქნება” – განაცხადა ანზორ მელიამ.

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ბრალდებულ ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას ესწრება თავად ბრალდებული ნიკა მელია.

ნიკა მელიას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მელიას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება სასამართლომ 17 თებერვალს მიიღო.

წყარო: newposts.ge