პაატა იმნაძე – ერთი წელია, მეგობრებთან ერთად არსად ვყოფილვარ, მეც ძალიან მინდა მათთან ყოფნა, მაგრამ არ შეიძლება.
თითქმის ყველა აფეთქება, რომელიც გვაქვს, დაკავშირებულია ჭირის სუფრებთან – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ავადობის მხრივ ქვეყანა იგივე მდგომარეობაშია, როგორც იყო ოქტომბრის შუა რიცხვებში, როდესაც მეორე ტალღა იწყებოდა.
„ბოლო ერთი თვეა, ჩვენ მატება გვაქვს და თუ შევადარებთ იმას, რა ხდებოდა სექტემბრის მეორე და ოქტომბრის პირველ ნახევარში, ვნახავთ, რომ მაშინდელი და დღევანდელი მატება ერთმანეთთან ძალიან შედარებადია, თუმცა, დღევანდელი მატების ტემპი ჯერჯერობით, არ არის კატასტროფული“ – განაცხადა იმნაძემ.
იმნაძის განმარტებით, ბრიტანულ შტამს რამდენადმე ნაკლები დრო სჭირდება იმისთვის, რომ თუ ადამიანი ამ შტამით არის დაავადებული, სხვა ადამიანი დააავადოს.
“ბრიტანული შტამი არ კლავს უფრო მეტ ადამიანს, ვიდრე ვთქვათ, ჩვეულებრივი შტამი, მაგრამ რადგან ბრიტანული შტამი უფრო ადვილად ვრცელდება, ამიტომაც იმატებს ხოლმე სიკვდილიანობა. გასაგებია, რომ აბსოლუტურ რიცხვებში სიკვდილიანობა მოიმატებს, თუ ბევრი ადამიანი გახდება ავად და ბრიტანულ შტამს სწორედ ეს შეუძლია, რომ ცოტა ხანში უფრო ბევრი ადამიანი გახადოს ავად“ – განაცხადა პაატა იმნაძემ.
წყარო: itv.ge