ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როუჰანიმ განაცხადა, რომ ურანის 60%-მდე გამდიდრება ნათანზის ბირთვულ ობიექტზე განხორციელებულ საბოტაჟზე პასუხია.
ჰასან როუჰანიმ ასევე აღნიშნა, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნას არ აპირებს.
„რა თქმა უნდა, უშიშროებისა და დაზვერვის წარმომადგენლებმა უნდა წარმოადგინონ საბოლოო ანგარიში, მაგრამ აშკარაა, რომ ეს სიონისტების მიერ ჩადენილი დანაშაულია და თუ სიონისტები ჩვენი ერის წინააღმდეგ იმოქმედებენ, ჩვენ ვუპასუხებთ ამას“, – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.
13 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ირანი ურანს 60%-მდე გაამდიდრებს. ოფიციალური თეირანის ეს გადაწყვეტილება ნათანზის ბირთვულ ობიექტზე მომხდარ ინციდენტს მოჰყვა, რაშიც ირანი ისრაელს ადანაშაულებს.
2015 წელს გაფორმებული ბირთვული შეთანხმების მიხედვით, ურანის გამდიდრების ზედა ზღვარი 3.67%-ია.