რიონის ხეობაში, გუმათის გზაზე, სადაც „ნამახვანი ჰესის“ წინააღმდეგ ადგილობრივთა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, პოლიციამ რკინის ბარიკადები აღმართა.
ადგილობრივები იუწყებიან, რომ აქვე მობილიზებულია განსაკუთრებით დიდი საპოლიციო ძალა.
„ხელისუფლება ცდილობს ჩაახშოს პროტესტი და დააიგნოროს, თუმცა, ხალხმა უპასუხა, რომ ჩვენ ხმას ვერ ჩაახშობს. ისინი აგრძელებენ სამარცხვინო პოლიტიკას – ჩვენ დისკრედიტაციას, ჩვენ დაშინებას, პროვოკაციების გზებით ჩვენს მარგინალიზებას. ეს პროტესტი არის გულწრფელი, აქ დგას მოსახლეობის ნაწილი, რომელიც მოსყიდული და მართული არ არის, ამ ხალხს ვერ „გამორთავთ,“ – ამბობს „მთავარ არხთან“ ერთ-ერთი აქტივისტი, მირზა ნოზაძე
13 აპრილს, გვიანობამდე, რიონის ხეობაში დაძაბულობა იყო პოლიციასა და „რიონის ხეობის მცველებს“ შორის.
ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე „რიონის ხეობის მცველებს“ სოფელ გუმათში საავტომობილო გზა პროტესტის ნიშნად ჰქონდათ გადაკეტილი.
დემონსტრანტები მოითხოვდნენ, რომ პოლიციას მოეხსნა გუმათჰესთან აღმართული ბლოკპოსტი და მისცემოდათ მათ გადაადგილების უფლება სოფელი ნამოხვანისკენ, სადაც თვეების განმავლობაში ჰქონდათ აღმართული კარვები.
“ნეტგაზეთი”