გეგმა ასეთია, ეს 62 პროცენტი გადანაწილდეს “ოცნებასა” და გახარიას შორის – აი, მერე ნაციონალურ მოძრაობას, ეტყვიან შენ ვინ ხარ საერთოდ? – მერაბ შათირიშვილი

„ალიას“ ესაუბრება მწერალი, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, მერაბ შათირიშვილი

– თუ არ ვცდები, 2013 წელს როცა თქვენთან ინტერვიუ ჩავწერეთ, თქვენ მითხარით, ხომ არ გგონია, ამერიკა და ევროპა გვავალებს ისეთი ტიპის რეფორმების გატარებას, რომელიც არ ჯდება ქართულ ტრადიციებში და რამდენიმე ევროპული ქვეყანა ჩამომითვალეთ, სადაც, დიახაც, ნარჩუნდება ტრადიციები, პირიქით, ჩვენები, ქართველები მიდიან და ეხვეწებიან, ფული მომეცი და ამას გავაკეთებ, ფული მომეცი და ამას ვიზამ ჩემ ქვეყანაშიო და ეტყობა, ძალიან დიდი ფული ავიღეთ! არ გიფიქრიათ, რომ ახლაც ეს სცენარია და ხელისუფლებას აწყობს მოლაპარაკებების ისე წარმართვა, როგორც იმართება?

– კი, კი, მახსოვს. ის, რაც დღეს საქართველოში ხდება ხელისუფლების და ოპოზიციის მხრიდან, ეს არ არის ჯანსაღი ქართული პოლიტიკური ცხოვრება, ხვალ რომ სხვა ძალა მოვიდეს, იგივეს გააკეთებს, რასაც აკეთებს ქართული ოცნება, ხელისუფლებას გამოიყენებს პირადი მიზნებისთვის. როცა პულტზე ხარ, როცა გმართავენ, როცა მსაჯულად გინდა სხვა ქვეყანა – როცა პასუხისმგებლობა გადაგაქვს სხვებზე, იმან ასე თქვა, იმან ასე მითხრა – მაშინ აქეთ ჭამ, ხრავ და იყენებ ამ ქვეყანას. ფუთავ თან ამას და ამბობ – არა, გენაცვალე, ევროკავშირიდან ასე თქვეს და რას ქვია, ასე უნდა გავაკეთოო… ქართველის ბუნება შენც იცი და მეც. თავს ნუ მოვიტყუებთ, ნებისმიერი პოლიტიკოსის გვარი მითხარი, ქართული ოცნების ლიდერებიდან, ვინც მონაწილეობს მოლაპარაკებაში…

– კობახიძე…

– ნებისმიერი, გინდ კობახიძე, გინდ თალაკვაძე, როცა დაუსხდებიან ევროპელ პოლიტიკურ ლიდერებს და ესაუბრებიან, სასაცილოდ არ ჰყოფნით და რატომ გეტყვით – მენტალობით, შინაგანი ეშმაკობით, მაღვალანკობით, სიჭკვიანით ყველაფრით წინ არიან ევროპარლამენტარებზე და ევროკავშირის წარმომადგენლებზე, გრძნობენ ამ უპირატესობას და ეთანხმებიან, კი, ბატონო, კი, აბა, რა, აბა, რა, მართალი ხარ და მერე აქეთ ჩვენ გვეუბნებიან, ჩვენ ველაპარაკეთ, ეს გვითხრეს… ყველა ქვეყანასთან და ყველა კავშირთან, ურთიერთობა მესმის ასე – გადავხედავთ, ვნახავთ რამდენად არგია ეს ჩვენ ერს, ამის შემდეგ მოგცემთ პასუხს. რა იცის ფრანგმა, გერმანელმა, ინგლისელმა და ამერიკელმა ჩვენ როგორ ვიღებთ ღვინით სავსე ჭიქას ხელში, რას ვამბობთ ამის შემდეგ, ამის არსი რა იციან? ან დედას როგორ ვუყურებთ თვალებში და მამას როგორ ვეპყრობით? იქ შეიძლება დედასთან ვერ მივიდეს შვილი გაფრთხილების, შეთანხმების გარეშე და ჩვენთან თუ შვილი არ მივიდა, დედა განაწყენებულია. ეს რა, თალაკვაძემ და კობახიძემ არ იციან? იციან და იმიტომ იციანიან. ეს ყველაფერი ბლეფია და პოლიტიკური თამაში.

– მალე ამერიკა ჩაერევა ამ თამაშში და ამ პოლიტიკური თამაშის დასრულება არ გგონიათ, რომ ასეთი იქნება, აი, რა ვქნათ, გვაიძულეს, რომ ამ ოპოზიციასთან გვქონდეს კოალიციაო?

– არა. ძალიან კარგად თამაშობენ, სხვათა შორის. სულ ფეხებზე ჰკიდიათ თალაკვაძეს და კობახიძეს ვაშაძე, გიგი უგულავა, დასცინიან ამათაც, მაგრამ იყენებენ როგორც ოპონენტებს – მოთათბირების, მოლაპარაკების, პარლამენტში შემოდი – არ შემოდის თემაში. 9 აპრილის გამოსვლაზეც რა მოხდა? – არაფერი, გამოვიდნენ და დაიშალნენ, ნაციონალების გამოსვლებითაც არ ამოტრიალდება ქვეყანა და არ  მოხდება რევოლუცია. სექტემბერში იქნება ადგილობრივი არჩევნები. კონსტიტუციაში იმდენი ცვლილება შეიტანა ქართულმა ოცნებამ, მომდევნო 4 წელი სულ არ აინტერესებს შევა თუ არა ცვლილება, ეს იკითხოს ოპოზიციამ. გინდა კონსტიტუციური ცვლილებები? – შემოდი პარლამენტი – ნახე, როგორი ხაფანგია! ქართული ოცნება 2020 წლის არჩევნებამდე ამ კონსტიტუციური უმრავლესობით, პოლიტიკურად ძალიან გაძღნენ და რაღაც ეტაპზე თავად ბიძინა ივანიშვილი იყო უკმაყოფილი იმ ფაქტით, რომ ოცნებას კონსტიტუციური უმრავლესობა ჰქონდა. არჩევნებამდე „ალიასთან“ ვთქვი, კონსტიტუციურ უმრავლესობაზე უარს იტყვის ოცნება და საპარლამენტო უმრავლესობას დაიტოვებს, რომ მთვარობა შექმნას-მეთქი.

– ანუ გიორგი გახარია ემზადება თვითმმართველობის არჩევნებისთვის და არა ვადამდელისთვის? გამოდის, რომ ივანიშვილმა მართლა კობახიძეს ჩააბარა ქვეყანა 4 წლით?

– გიორგი გახარიას სხვა გზა არ ექნება, პოლიტიკაში უნდა შემოვიდეს, ნაციონალური მოძრაობა უნდა განეიტრალდეს, სხვა შანსი არ არის. გახარია შეიძლება პირველ ადგილზე გავიდეს, მაგრამ მეორე ადგილზე მაინც გავა ქართული ოცნება. შეიძლება ვადამდელი იყო ადგილობრივი არჩევნების შემდეგ. ადგილობრივ არჩევნებში თუ შემოვიდა გახარია, რაღაც ადგილს უკვე დაიმკვიდრებს, უკვე იქნება სამი ძალა, ქართული ოცნება, გახარია და ნაციონალური მოძრაობა. 2012 წელს ქართულმა ოცნებამ მიიღო 62 პროცენტი. ახლა მცდელობაა, მოხდეს 2012 წლის საარჩევნო მუხტის ამოწევა! გეგმა ასეთია, ეს 62 პროცენტი გადანაწილდეს ქართულ ოცნებასა და გახარიას შორის – ეს თუ მოხდება, ჩათვალეთ ქართული ოცნება „დამკაშია“ გასული! არ აქვს მნიშვნელობა გახარია იქნება პირველი, თუ ოცნება. აი, მერე ნაციონალურ მოძრაობას, მოუბრუნდებიან და ეტყვიან, შენ ვინ ხარ საერთოდ? შენ არა ხარ საალტერნატიო ოპოზიციური ძალა! მე ვფიქრობ, ქართულ ოცნებას, როგორც პარტიას, წაიღებს ღარიბაშვილი, და ეს მართებულიცაა. ღარიბაშვილი არავის დაუთმობს ახლა პარტიას, რადგან სხვებისგან განსხვავებით, ის არასოდეს ყოფილა მიშას სახე! იმ განაწყენებულ მასას ქართული ოცნებიდან, წაიღებს გახარია! შეიძლება ღარიბაშვილი და გახარია ვიხილოთ პირისპირ, ეს საკმარისი იმისთვის, რომ ნაციონალური მოძრაობა გადავიდეს მესამე საფეხურზე.

– კალაძის ადგილი სად იქნება?

– კალაძე, შეიძლება, ვიხილოთ მილანში.

– ერთი დეტალია, გახარია, აიყვანეს და დასვეს ჩინოვნიკად, თან ისეთ თანამდებობებზე, სადაც, მისი გამოჭერა და კითხვის დასმა არ იყო ადვილი, თავად გეგმავდა ვისთვის რა ეთქვა, ვისთვის მიეცა ინტერვიუ, როდის დაეგეგმა ბრიფინგი, ახლა მოუწევს ღია, გახსნილი თამაში, ან, ძალიან ბევრი ფული უნდა გადაიხადოს, რომ ზუსტად მაშინ დახვდნენ ჟურნალისტები და ზუსტად იქ, სადაც მას სურს! ჩვენ არ ვიცით, როგორი შეიძლება იყოს აქციებზე, არ ვიცით, როგორი იქნება ოპოზიციური ლიდერის რანგში!

– ერთი რაღაცა ხომ ვიცით, საქართველოში არჩევნები ტარდება მენტალობის, გვარის, კუთხურობის მიხედვით. ღარიბაშვილი ასოცირდება აღმოსავლეთ საქართველოსთან და გახარია დასავლეთ საქართველოსთან. მეგრელია და სამეგრელო არჩევნებს იგებს. მეგრული მენტალობა უდიდეს როლს ითამაშებს.

– გურული ბრძანდებით თქვენც და მე გურული ვარ და გურულების ხმა ვის ექნება?

– (იცინის…)  გურულები ამ შემთხვევაში პოლიტიკურ როლს ვერ ითამაშებენ, მაგრამ ერთს გეტყვით, ვიდრე ხელისუფლებაში გურულები არ იქნებიან, ამ ქვეყანას არ ეშველება, არ იფიქრო, რომ გურულობით ვამბობ, ნამდვილად აქვთ გურულებს პოლიტიკური ალღო – წარსული ამას გვეუბნება, დაწყებული მჟავანაძიდან, შევარდნაძიდან, ახლა ვიღაცა მეტყვის – მერე ორივემ დააქცია ქვეყანაო…

თამო კეშელავა, ალია