აქეთ-იქით სირბილი, ადამიანებს შორის კომუნიკაცია – ინფორმაციის გაზიარება და საკუთარი თვალსაზრისის დაცვა საუბრის მეშვეობით ხდება.
სიტყვითა და საქმით იმკვიდრებს პიროვნება გარკვეულ ადგილს საზოგადოებაში. აი, ცხოველები კი უტყვნი არიან და იერარქიული მდგომარეობის გარკვევა ღრენით, ბრძოლითა და კბენით უწევთ.
ქართველებმა ადამიანური ენით ურთიერთობის შესაძლებლობები, რა ხანია ამოვწურეთ… დაგვრჩა მხოლოდ ზიზღი, ჩხუბი და აგრესია. თუმცა, სამოქალაქო ომის გაჩაღების საშუალებას აღარ გვაძლევენ, ერთმანეთი დროზე რომ ამოვხოცოთ და მოვისვენოთ.
ეკონომიკა სულს ღაფავს, ლარი უფასურდება, ფასები გარბის – ჩვენ მაინც არ ვჩერდებით, ვჩხუბობთ! კოვიდის ეპიდემია მძვინვარებს, ხალხი კვდება, ბევრად მეტი მოკვდება, ჩვენ მაინც…
ნანახი გექნებათ მიხეილ კობახიძის ფილმი „ქორწილი“. გაიხსენეთ, მოჩხუბართა ჯგუფი რომ დარბის, ჯერ ერთი, მერე კი საპირისპირო მიმართულებით. ორივე შემთხვევაში, ჩანს სრული მიზანდასახულობა, მათ თითქოს ზუსტად იციან, საით და რისთვის გარბიან. მგონი, ასე თავგზააბნეული ჯოგივით დავრბივართ და ვჩხუბობთ ჩვენც…
მიზეზი?… როდესაც ნაგავსაყრელზე ცხოვრობ, გამოუვალობისგან გარბიხარ, სიმყრალემ რომ არ შეგაწუხოს, მაგრამ ჩარჩოების გარღვევას და უცხო გარემოში გასვლას ვერ ბედავ, ამიტომ მოჯადოებულ წრეზე სირბილი გიწევს… ზოგიც, პირიქით, არც გარბის, კმაყოფილია, მყრალ სუნს არ იმჩნევს, რადგან სანაგვეზე მსუყე ნარჩენი ერგო. ნაგვის გატანასა და შენებაზე არავინ ფიქრობს, არც მშიერი, არც მაძღარი, პროვინციაში მხოლოდ სიძულვილი და ერთმანეთში ჩხუბი იციან…
ამ აყალ-მაყალის პათოსი ერთია – „პატრიოტები“ ანადგურებენ „მტრებს“, ანუ „რუსეთუმეებს“… ხშირად თურქებს, ირანელებს, ინდოელებს და ჩინელებს, რომლებიც ჩვენს მიწებს იტაცებენ… ხანდახან ამერიკელებსა და ევროპელებს – ეს გარყვნილები ფასეულობებსა და ქართველობას გვართმევენ… მთავარია, იყოს მტერი!
სიძულვილი ადუღაბებს. ბატონობენ სექტები, რომლებმაც იციან, რა არის მართალი და რა არა. აქ დომინირებს – კოლექტიური ,,ჩვენ“. „ქორწილშიც“ მთავარი გმირი (გოგი ქავთარაძე) მორბენლებს თვალს აყოლებს და მათ ირაციონალურ მოქმედებაში – „მტრის“ დევნაში ებმება. თავად არ იცის, რატომ, მაგრამ მაინც გარბის, მას კოლექტივი ითრევს…
ჰერმან ჰესე გვაფრთხილებს: „გამოცდილებამ აჩვენა, რომ საკმარისი იყო მხოლოდ რამდენიმე თაობას გამოეჩინა უპრინციპობა და თავაშვებულობა სულიერ სფეროში, რომ ამან მაშინვე გამოიწვია პრაქტიკის საგრძნობი დაზარალება… თუ აზრმა დაკარგა თავისი სიწმინდე და სიმახვილე, თუ სულს არ მიეგება კუთვნილი, მაშინ მალე მანქანაც არ დაიძვრება ადგილიდან, გემიც დაკარგავს გეზს, ავტორიტეტს დაკარგავს როგორც ინჟინრის საანგარიშო სახაზავი, ასევე ბანკები თუ ბირჟები, დადგება ქაოსი“…
ქაოსია, ქა-ო-სი!
ამ ქაოსში ასი სიმართლეა და ყველა მართალია! ადამიანები რაციონალიზმს, პრაგმატიზმს არ აღიარებენ, ცხად არგუმენტებს არად აგდებენ, ყველა საჩხუბრად გარბის…
ფსიქიატრიაში აღწერილია „მანეჟური სირბილი“ წრეზე, ტრიალი და აქეთ-იქეთ რწევა (ბარბაცი), როდესაც ავადმყოფი საათობით არ ჩერდება.
როგორ შეიძლება, ამ ფსიქიკური ავტომატიზმის განკურნება, რა გვეშველება?.. ურო თავში – მძიმედ და მტკივნეულად!
ღმერთო, შენ გვიშველე…
ზ.ო. – 2021, აპრილი
ზურა ოდილავაძე, მწერალი; სოციალური ქსელი