„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში ბრალდებული ნიკოლოზ წურწუმიას ახლობლებისა და მეზობლების განცხადებით, 27 წლის ახალგაზრდას ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.
მათივე თქმით, წურწუმია თვეებია ზუგდიდში თავის საცხოვრებელ სახლში არ იმყოფება და ის თბილისში ცხოვრობს. თუ რას საქმიანობდა ნიკოლოზ წურწუმია თბილისში, მათ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.
ბრალდებულის მშობლები ემიგრაციაში იმყოფებიან, ხოლო მისი და თბილისში ცხოვრობს. მათივე თქმით, ახალგაზრდა ცოტა ხნის წინ დაოჯახდა, რის შემდეგაც მან საკუთარი საცხოვრებელი სახლი დატოვა და თბილისში გადავიდა.
სამართალდამცველებმა თავდამსხმელი ბანკის შენობიდან ცოტა ხნის წინ გამოიყვანეს და შესაბამის დაწესებულებაში გადაჰყავთ. არსებული ინფორმაციით, დაკავებული, 1993 წელს დაბადებული ნიკოლოზ წურწუმიაა.
იქამდე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ვაჟა სირაძემ მედიასთან განაცხადა, რომ მძევლები უვნებლად გაათავისუფლეს. მისივე განცხადებით, თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა. სავარაუდოდ, მას თან პნევმატური იარაღი ჰქონდა.
თავდამსხმელთან მოლაპარაკებებს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, შალვა ბედოიძე აწარმოებდა.
თბილისში, ავლაბრის მეტროს მიმდებარედ, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი დაახლოებით 13:00 საათზე შეიჭრა. ამის შემდეგ, უსაფრთხოების მიზნით, დაიხურა მეტროსადგური „ავლაბარი“ და მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობა გაიყვანეს.
“იმედინიუსი”