წინასწარი შეცნობით, თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით, 1958 წელს დაბადებული თ.ს. დააკავეს – ინფორმაციას შსს ავრცელებს.
“ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წელს, საცხოვრებელ კორპუსთან განთავსებულ ავტოფარეხში, თ.ს.-მ გარყვნილი ქმედება განახორციელა მისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველ, 7 წლის ლ.ბ.-ის მიმართ. ამასთან, 2021 წლის 8 აპრილს, არასრულწლოვანმა ლ.ბ.-მ ქუჩაში დაინახა თ.ს., შეეშინდა და გაიქცა, შემდგომ კი თხრილში ჩავარდა. გამოძიებით დადგინდა ასევე, რომ 2021 წლის იანვარში, თ.ს.-მ გარყვნილი ქმედება განახორციელა ლ.ბ.-ის მეგობრის, მისთვის წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველ, მ.ზ.-ის მიმართ. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა თ.ს. წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით, თბილისში დააკავეს“ – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის 1 -ლი და მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო: bm.ge