“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელიც ოპოზიციასა და ხელისუფლებას ევროპელმა დიპლომატმა კრისტიან დანიელსონმა ჯერ კიდევ 30 მარტს შესთავაზა.
ხელმოწერილი დოკუმენტი პარლამენტარმა შალვა პაპუაშვილმა 16 აპრილს, გვიან ღამით გაავრცელა.
“დღემდე არ მოვაწერეთ ხელი, რადგან ველოდით ოპოზიციის შემმხვედრ ნაბიჯებს და დაველოდეთ, სანამ ელჩები დამატებით კონსულტაციებს გამართავდნენ. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ევროკავშირმა ამ დოკუმენტში არ შეიტანა რიგგარეშე არჩევნების საკითხი, რაც საპარლამენტო არჩევნებისა და პარლამენტის ლეგიტიმურობის კიდევ ერთი მკაფიო დადასტურებაა”, — განაცხადა თალაკვაძემ 16 აპრილს გამართულ ბრიფინგზე.
თალაკვაძის ბრიფინგის შემდეგ ოპოზიციონერთა უმრავლესობამ თქვა, რომ მათთვის გაუგებარია თალაკვაძის შეთავაზება და ისინი შეთანხმებას ხელს არ მოაწერენ გარკვეული პირობების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიატორობით ოპოზიციასა და “ქართულ ოცნებას” შორის ბოლო შეხვედრა 30 მარტს უშედეგოდ დასრულდა.
შეხვედრის შემდეგ გასაჯაროვდა კრისტიან დანიელსონის მიერ პარტიებისთვის შეთავაზებული შეთანხმების პროექტი, რომელიც 5 ნაწილისგან შედგება: პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება; ამბიციური საარჩევნო რეფორმა; კანონის უზენაესობა/სასამართლო რეფორმა; პარლამენტში ძალაუფლების განაწილება; მომავალი არჩევნები.
“ქართულმა ოცნებამ” მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულებაზე პასუხისმგებლობა ოპოზიციას დააკისრა, ოპოზიციამ კი — ხელისუფლებას.
“ნეტგაზეთი”