რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა (ФСБ), ბელორუსიის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტთან ერთად (КГБ), შეთქმულების გახსნისა და შეთქმულების თავკაცების დაკავების შესახებ განაცხადეს. მომავალ 9 მაისს ბელორუსიაში ამ ქვეყნის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს ფიზიკური ლიკვიდაცია იგეგმებოდა.
დაკავებულნი არიან ლუკაშენკოს პრესსამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ალექსანდრ ფედუტა და აშშ-ბელორუსიის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ადვოკატი იური ზენკოვიჩი. ისინი მოსკოვში დააკავეს და მინსკში გადაიყვანეს. შეთქმულები გადატრიალებას ადგილობრივი და უკრაინიდან მიწვეული ნაციონალისტების ხელით აპირებდნენ – იუწყებიან რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურში.
„ბელორუსი პარტნიორების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ერთ-ერთი მესენჯერის კერძო ჩატებში ზენკოვიჩი და ფედუტა განიხილავდნენ ბელორუსიაში შეიარაღებული ჯანყის ორგანიზებას და მოილაპარაკეს, მოსკოვში მოეწყოთ პირადი შეხვედრა ბელორუსიის ოპოზიციურად განწყობილ გენერლებთან“ – აღნიშნულია სამსახურის განცხადებაში.
ზენკოვიჩი მანამდე აშშ-სა და პოლონეთში იმყოფებოდა „კონსულტაციებზე“, რის შემდეგ მოსკოვში ჩავიდა და ოპოზიციურად განწყობილ გენერლებს შეხვდა, ერთ-ერთი რესტორნის კუპეში. შეთქმულებმა გენერლებს უთხრეს, რომ „ჩანაფიქრის წარმატებით განხორციელებისათვის აუცილებელია ბელორუსიის მთელი მმართველი ზედაფენის ფიზიკური ლიკვიდაცია“.
შეთქმულებს ჰქონდათ დეტალური გეგმა სამხედრო გადატრიალების მოსაწყობად, რაც რადიოსა და სატელევიზიო ცენტრების დაკავებას, მინსკში განლაგებული ომონის ნაწილების ბლოკირებას და ქვეყნის ენერგოსისტემის გათიშვას გულისხმობდა პირველ ეტაპზე, რასაც აჯანყების აქტიური ფაზა, შეიარაღებული ფორმირებების გამოყენებით, უნდა მოჰყოლოდა. შემდეგ კონსტიტუციის ცვლილება, პრეზიდენტის თანამდებობის გაუქმება და „ეროვნული შერიგების კომიტეტის“ დაფუძნება უნდა გამოცხადებულიყო.
ბელორუსიის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის, ივან ტერტელის განცხადების თანახმად, რომელიც ტელეარხ „ონტ“-ს ეთერში გავიდა, შეთქმულთა გეგმას კოდური დასახელება – „სიჩუმე“ ჰქონდა, გადატრიალების მთავარ ორგანიზატორად კი იური ზენკოვიჩი სახელდება.
პრეზიდენტმა ლუკაშენკომ მინსკში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თავდასხმა მზადდებოდა არა მხოლოდ მასზე, არამედ მის ვაჟებზე. „გეგმაში ჰქონდათ ერთი შვილის აყვანა, მეორის აყვანა, როგორც გამოუვიდოდათ. აპირებდნენ სარდაფში ჩაკეტვას – გომელის მხარეში მათ უკვე მზად ჰქონდათ ასეთი სარდაფი. ჩვენ დავაკავეთ ერთი ჯგუფი, რომელთა წევრებმა გვაჩვენეს, როგორ იგეგმებოდა ყველაფერი“ – აღნიშნა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ შეთქმულება უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან ერთად მზადდებოდა, ამ კონტექსტში მან ამერიკული ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო ახსენა. ლუკაშენკომ ასევე ახსნა, თუ რატომ მოხდა ზენკოვიჩისა და ფედუტას დაკავება მოსკოვში. მისი თქმით, ვინაიდან ამ დღეებში მინსკში შეთქმულება გაიხსნა და რამდენიმე ჯგუფი დააკავეს (დაკავებულთა შორისაა „ბელორუსის სახალხო ფრონტის“ ლიდერი ალექსანდრ კოსტუსევი), მათ მინსკში დაბრუნების შეეშინდათ.
ლუკაშენკომ დასძინა, რომ მან ეჭვმიტანილთა დაკავების თხოვნით პირადად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და ფსბ-ს შეფს ალექსანდრ ბორტნიკოვს მიმართა.
„ღმერთმა დაიფაროს, შეეხონ ჩემს შვილებს, რომლებსაც საერთო არაფერი აქვთ ამ საქმეებთან! ღმერთმა დაიფაროს, არა მარტო ჩემს, არამედ თქვენს შვილებს შეეხონ! გამიგეთ, მე ვითმინე, სულ მოლოდინში ვიყავი, ჩემთვის წითელი ხაზები დავხაზე, მოვლენებს ვაჭიანურებდი. ახლა კი მათ დედას ვუტირებთ – ისე, რომ ცოტად არ მოეჩვენებათ!“ – დაიმუქრა პრეზიდენტი ლუკაშენკო.