სამართალდამცავებმა სოფელ გუმათში მოწყობილი რკინის კედელი აიღეს

სოფელ გუმათში მოწყობილი რკინის კედელი სამართალდამცავებმა აიღეს. კედლის აღება დღეს, გამთენიისას მოხდა. ამ ეტაპზე ადგილზე მხოლოდ რკინის მცირე ჯებირები რჩება. კედელი გუმათში რამდენიმე დღის წინ აქციების პარალელურად მოეწყო.

აქციის მონაწილეები, რომლებიც უკვე 170 დღეზე მეტია ღამეს კარვებში ათენებენ და „ნამოხვანჰესის“ კასკადის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან, ხელისუფლების გადაწყვეტილების მოლოდინში არიან. მათ მიერ დასახელებული სამი პირობიდან ერთი – რკინის კედლის აღება უკვე შესრულდა.

პროტესტის მონაწილეები ასევე ითხოვენ, რიონის ხეობიდან პოლიციის გაყვანას და სოფელ ნამოხვანისკენ, სადაც ჰესის ასაშენებლად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, თავისუფლად გადააადგილებას.

როგორც საპროტესტო აქციის მონაწილეები განმარტავენ, აღნიშნული პირობების შესრულების შემთხვევაში მზად არიან, მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ.

 

“რეზონანსი”