“ოჯახს სხვა მხრიდანაც უტევენ: კერძოდ, ქალსა და მამაკაცს შორის ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური ბზარის გაჩენით”

ორჯერ მოტყუებული ქალები.
უბინძურეს ეპოქაში ვცხოვრობთ. პროვოკაციაა ამ ეპოქის სახელი, სახე და შინაარსი. პროვოკაცია ღმერთისა და ადამიანის წინააღმდეგ, პროვოკაცია ისტორიის, თანამედროვეობისა და მომავლის წინააღმდეგ, პროვოკაცია საკუთარი თავის წინააღმდეგ…

სიძულვილია მსოფლიო მასშტაბის პროვოკატორთა მიზანიც, საშუალებაც და იარაღიც. უკიდეგანო და უსასრულო სიძულვილის თესვაა მათი საქმიანობის მთავარი მიმართულება.
სიძულვილი შლის საზოგადოებას. დაშლილი საზოგადოება კი იხრწნება და ლპება. ოჯახის ინსტიტუტის მორყევა პირდაპირი და უმოკლესი გზაა ერის, საზოგადოების, სახელმწიფოს დასაშლელად.
გიფიქრიათ, რატომ არის ასე არანორმალურად წახალისებული სექსუალური უმცირესობების საკითხი? თქვენ გგონიათ, ვინმეს მართლა აინტერესებს ამგვარ ადამიანთა ბედი? როგორ გეკადრებათ? ესაა ოჯახის ინსტიტუტისათვის ზურგში ჩაცემული მახვილი. ესაა ოჯახისთვის, როგორც საზოგადოების შემკრავი ძირითადი უჯრედისთვის გამოტანილი განაჩენი.
ოჯახს სხვა მხრიდანაც უტევენ: კერძოდ, ქალსა და მამაკაცს შორის ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური ბზარის გაჩენით. მხედველობაში მაქვს არა რომელიმე კონკრეტული ქალი და კაცი, არამედ ზოგადად მდედრი და მამრი, როგორც რეპროდუქციული ფუნქციის განმხორციელებელი ორი საწყისი, რომელთა ურტიერთლტოლვაზეა დამოკიდებული ადამიანის არსებობის გაგრძელება. ათასწლეულების მანძილზე ფიზიკური ურთიერთლტოლვა გასცდა ცხოველურ, სხეულებრივ, მატერიალურ საფუძვლებს და სულიერ, საკრალურ, ღვთაებრივ ურთიერთლტოლვად, ანუ სიყვარულად ჩამოყალიბდა. ქალსა და მამაკაცს, რა თქმა უნდა, ყველა კონკრეტულ შემთხვევაში არ უყვართ ერთმანეთი და არც ფიზიკურ ლტოლვას განიცდიან ერთმანეთის მიმართ, მაგრამ ქალი და მამაკაცი (ზოგადად) ერთმანეთის მიმართ დადებითად განწყობილი სუბიექტებია, ერთმანეთისკენ მიზიდულობის მდგომარეობაში მყოფი ორი საწყისია. ეს ორი საწყისი, სულითა და სხეულებით იმ მაგნიტებს ჰგვანან, რომლებთაც მუდმივად ერთმანეთისკენ მიიზიდებიან, მუდმივად ერთმანეთს გრძნობენ და ერთმანეთის ყურადღებასა და ინტერესს იწვევენ.
ჰოდა, მათში მიზიდულობის ამ ცენტრს, ამ მაგნიტს თუ არ ჩაკლავ, ისინი ერთმანეთის მიმართ სიყვარულით აღიძვრიან, საერთო ოჯახებს ქმნიან, შვილებს აჩენენ, ზრდიან, უვლიან და დედამიწაზე ადამიანურ ცხოვრებას აგრძელებენ.
ამიტომაცაა, რომ, იმ ძალებისთვის, ვისაც სხვა და სხვა მიზეზთა გამო, დედამიწაზე ადამიანთა რაოდენობის კატასტროფული მასშტაბებით შემცირება განუზრახავთ, ასე საშური გამხდარა ადამიანებისთვის სქესის არევა, ორიენტაციის შეცვლა, ქცევის გაუკუღმართება. ისინი კვლავწარმოების პროცესის შენელებას, მერე კი საერთოდ შეწყვეტას გეგმავენ.
არატრადიციული სექსუალური განწყობების ხელოვნური გაღვივების სატანური ჩანაფიქრის გაგრძელებაა ქალებზე მამაკაცების ძალადობის თემით ბოლო დროს ასე მოხშირებული სპეკულაციები. ქალებზე მოძალადე მონსტრის (მამაკაცის) ზოგადი სახის შექმნით ქალსა და მამაკაცს შორის გლობალურ გაუცხოვებას უყრიან საფუძველს.
– იმისთვის უნდა გათხოვდე, რომ ქმარს საცვლები და წინდები ურეცხო, სადილი უმზადო და ემსახურო? – ჩასძახიან ყურში გოგოებს ადრეული ასაკიდან.
– ქმრები მოძალადეები არიან, რომლებიც ცოლებს იმონებენ, სცემენ, ჩაგრავენ, – ჩასჩიჩინებენ მათ ტელევიზიიდან, პრესიდან, ინტერნეტიდან. მოზარდი, რომლის ფსიქიკა ჩამოყალიბების პროცესშია, ვერ უძლებს ამ ზეწოლას და მამაკაცი მისთვის არამარტო იმ ხიბლსა და მაგნიტს კარგავს, რომელმაც წესით უნდა მიიზიდოს, არამედ იმ ურჩხულად ყალიბდება, რომლისგანაც თავი უნდა დაიცვას, რადგან ეუბნებიან, რომ მისგან ცემის, ძალადობის, გაუპატიურების მუდმივი საშიშროება მოდის. თავის მხრივ, მამაკაცებსაც, გრძნობენ რა საპირისპირო სქესის წარმომადგენელთა მხრიდან დამოკიდებულების შეცვლას, ერთგვარი სიფრთხილისა და თავდაცვის ინსტინქტი უყალიბდებათ, რაც საბოლოო ჯამში, ქალების მიმართ მათ გაუცხოვებას იწვევს. იმ ბუნებრივ მაგნიტებს, რომლებიც ქალსა და კაცს აქამდე ერთმანეთისკენ იზიდავდა, პოლუსები ეცვლებათ და მიზიდვის ნაცვლად განზიდვის ფუნქციას ასრულებენ.
თქვენ მეტყვით, ქალზე, ოჯახზე მოძალადე კაცი საშინელებააო. გეთანხმებით, რა თქმა უნდა ასეა, მაგრამ მე სხვა რამეზე ვსაუბრობ. ამ ცალკეულ ანომალიურ შემთხვევებს მოძალადე არაკაცებზე გაცილებით ბოროტი და ორგანიზებული ძალები რომ იყენებენ, ამაზეა საუბარი.
ამიტომ, ოცი თუ ოცდაათი წლის წინ გაუპატიურებული ან ათი თუ თხუთმეტი წლის წინ ნაცემი ცოლების ეს მღვრიე ტალღა არათუ საზოგადოებრივი გმირობისა და სასარგებლო საქმიანობის ნიშან-წყალს არ შეიცავს, შანტაჟის, გამორჩენის, ვიღაცის დავალების შესრულებისა და გლობალურ პროვოკაციაში ნებსითი თუ უნებლიე მონაწილეობის ხასიათს იღებს. გამონაკლისი ყველგან და ყველაფერში არსებობს, მაგრამ ზოგადად ეს მეტისმეტად უარყოფითი მოვლენაა.
იმას, რომ ეს ყველაფერი დასავლეთის კაცთმოძულე პოლიტიკის გავლენაა, აბსოლუტურად ადასტურებს ის ფაქტი, რომ ჩვენი ქართულენოვანი, მაგრამ ამერიკული ტელევიზები ასე ერთსულოვნად გადაეშვნენ საზოგადოებისთვის თავსმოხვეულ ამ მარათონში.
საქართველო დიდი ხანია დაშალეს ტერიტორიულად, დაშალეს პარტიებად, ა ს ო-ებად (არა სამთავრობო ორგანიზაციებად), პროამერიკელებად და პრორუსებად, “იმისტებად” და “ამისტებად”, ახლა ქალებად და კაცებად შლიან – კაცთმოძულე ქალებად და ქალთმოძულე კაცებად.
კარგი იქნება, თუ ის ქალბატონები, რომლებიც თავის დროზე ცუდ კაცებს გადაეყარნენ და მათგან დიდი წყენა და ტკივილი მიადგათ, გააცნობიერებენ იმ ჭეშმარიტებას, რომ მათ ახლა იმ თავიანთ ცუდ ქმრებსა თუ ცუდ საყვარლებზე გაცილებით ბოროტად იყენებენ ის დიდი პოლიტიკური შულერები, რომლებსაც ისევე არ ადარდებათ მათი ბედი, როგორც ე.წ. ლგბტ არსებების ბედი არ ადარდებთ.
ძვირფასო ქალებო, იკმარეთ ის უბედურება, რომ ერთხელ უკვე იყავით ცუდი კაცების მსხვერპლნი და მეორედ მაინც ნუ მოტყუვდებით, ნუ გახდებით გაცილებით უფრო ცუდი კაცების (მაფიის) მსხვერპლნი.
იოტისოდენა იმედიც არ მაქვს, რომ ჩემი ნათქვამი თქვენზე რამე გავლენას იქონიებს, მაგრამ რომელიმე თქვენგანს ათი, ოცი, ოცდაათი წლის შემდეგ ჩემი სიტყვები თუ გაგახსენდებათ, შესაძლებელია მიხვდეთ, რომ მართალი გითხარით.
ვალერი კვარაცხელია
17 აპრილი, 2021 წ.