კახეთში მოსახლეობა გურჯაანი-ბაკურციხის შემოვლითი გზის პროექტის შეცვლას ითხოვს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია ჩაატარა. ადგილობრივები გურჯაანი-ბაკურციხის შემოვლითი გზის პროექტის შეცვლას ითხოვენ.

ადგილობრივების განმარტებით, მშენებარე გზა, მოსახლეობას ვენახებთან და სასოფლო-სამეურნეო სავარგულებთან მისასვლელს უკეტავს.

“დიდი ხანია უკვე გზის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტი ისეა გაკეთებული, ვეღარც ვენახში მივალთ, ვეღარც ყანაში. ჩვენ ამით ვცხოვრობთ და ნაკვეთში თუ არ მივალთ, ისე როგორ ვისულდგმულოთ. ვითხოვთ, რომ პროექტი შეცვალონ – განაცხადა აქციის ერთ- ერთმა მონაწილემ. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, კოტე ბერიძიშვილმა დაადასტურა, რომ პროექტი ადგილობრივებს მართალაც პრობლემას უქმნის.

“აქ მცხოვრებ ადამიანებს პრობლემა მართლაც ექმნებათ. არ ვიცი, თავის დროზე რატომ არ ჩატარდა ამაზე სამუშაო. უახლოეს დღეებში ვიმსჯელებთ, კომპანიასთანაც და საგზაო დეპარტამენტთანაც“ – განაცხდა ბერიძიშვილმა.

პროექტის თანახმად, გურჯაანი ბაკურციხის 15 კილომეტრიანი შემოვლითი მონაკვეთი, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხი საავტომობილო გზას, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზასთან დააკავშირებს.

ახალი გზის მეშვეობით, ტრანსპორტი ქალაქ გურჯაანს და 6 სოფელს გვერდს აუვლის. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 38 000 000 ლარია და მას მსოფლიო ბანკი აფინანსებს.

წყარო: newposts.ge