თეთრი სახლი: ალექსეი ნავალნი ციხეში თუ დაიღუპება, ამას რუსეთისთვის შედეგები მოჰყვება

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნი ციხეში თუ დაიღუპება, ამას რუსეთისთვის შედეგები მოჰყვება.

„ჩვენ რუსეთის მთავრობას განვუცხადეთ, რომ პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ალექსეი ნავალნის პატიმრობაში დაემართება, მათ ეკისრებათ და პასუხს აგებენ საერთაშორისო საზოგადოების წინაშე. ჩვენ განვაცხადეთ, რომ თუ ნავალნი მოკვდება, ამას შედეგები მოჰყვება“, – აღნიშნა ჯეიკ სალივანმა.

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი სხვადასხვა ზომას განიხილავს, რომლის შესახებ საჯარო საუბარი ჯერ ნაადრევია.

18 აპრილს, ალექსეი ნავალნის ექიმმა, იაროსლავ აშიმხინმა განაცხადა, რომ პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი, შესაძლოა, ნებისმიერ წუთს მოკვდეს.

მისი განცხადებით, ნავალნის სისხლის ანალიზის შედეგების თანახმად, კალიუმის დონე იმდენად მაღალია, რომ, შეიძლება, გულის გაჩერება გამოიწვიოს. ის ასევე ამბობს, რომ გაზრდილია კრეატინინის დონეც, რაც თირკმელების ფუნქციონირების დაქვეითებაზე მიანიშნებს.