“ქართული ოცნებიდან” რამდენიმე წევრი გარიცხეს

„ქართული ოცნების“ ზესტაფონის საოლქო ორგანიზაციის ინფორმაციით, სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებთან ფარული ურთიერთობის გამო, რამდენიმე წევრი პარტიიდან გარიცხეს. ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონის საოლქო ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული.

„ყოველგვარი უზუსტობისა და შესაძლო პოლიტიკური სპეკულაციის თავიდან ასაცილებლად, ვაცხადებთ, რომ 2021 წლის 17 აპრილის, მმართველი პარტიის ზესტაფონის საოლქო ორგანიზაციის ბიუროს სხდომაზე, რომელსაც ბიუროს სრული შემადგენლობა ესწრებოდა, სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებთან ფარული, პარტიის ხელმძღვანელობისათვის კატეგორიულად მიუღებელი ურთიერთობის გამო, ერთხმად გადაწყდა მაია კახნიაშვილის, ლევან ჭანტურიძისა და პარტიის კიდევ რამდენიმე წევრის პარტიიდან გარიცხვა.

შესაბამისად, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ 2021 წლის 17 აპრილის შემდეგ, ეს ადამიანები პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრები აღარ არიან!“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც „ქართული ოცნების“ ზესტაფონის საოლქო ორგანიზაცია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

 

“ალია”