რუსეთი უკრაინის მიერ რუსი დიპლომატის გაძევებას კიდევ ერთ „არამეგობრულ“ ნაბიჯად აფასებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პროტესტს გამოხატავს კიევში მდებარე რუსეთის საელჩოდან დიპლომატის გამოძევების გამო.

„19 აპრილს კიევში, რუსეთის საელჩოში შევიდა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა საელჩოს თანამშრომლის დიპლომატის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობის გამო პერსონა ნონ-გრატად გამოცხადების შესახებ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პროტესტს გამოხატავს უკრაინის მხრიდან გადადგმული კიდევ ერთი არამეგობრული ნაბიჯის გამო. რუსი დიპლომატის მიმართ ბრალდებები უსაფუძვლოა, მას დიპლომატიური ფუნქციების მიღმა არანაირი ქმედება არ ჩაუდენია,“- ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებში.

უწყების ცნობით, უკრაინის გენერალური საკონსულოს კონსულ ალექსანდ სოსონიუკთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილების გამო კიევისგან ნაცვალგების პრინციპით მოქმედება მიუღებელია, ვინაიდან კონსულს რუსეთის დატოვების რეკომენდაცია მას შემდეგ მისცეს, რაც ის უკანონო ქმედებების ჩადენისთვის დააკავეს. შეგახსენებთ, 17 აპრილს რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა სანქტ-პეტერბურგში უკრაინის გენერალური საკონსულოს კონსული ალექსანდ სოსონიუკი სამართალდამცავი ორგანოების მონაცემთა ბაზიდან საიდუმლო ინფორმაციის მოპოვებისთვის დააკავა. ალექსანდ სოსონიუკი დაკავებიდან რამდენიმე საათში გაათავისუფლეს და უკრაინის დიპლომატიურ უწყებაში გადაიყვანეს. ამის შემდეგ უკრაინულ მხარეს ეცნობა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე სოსონიუკის ყოფნა არასასურველია და გაიცა რეკომენდაცია, რომ მან რუსეთის საზღვრები 19 აპრილიდან 72 საათის განმავლობაში დატოვოს.