აპატურაი – საქართველოში მიღწეული პოლიტიკური შეთანხმება მართლაც კარგი ამბავია

საქართველოში მიღწეული პოლიტიკური შეთანხმება მართლაც კარგი ამბავია,- ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი სოციალურ ქსელში წერს.

„საქართველოში მიღწეული პოლიტიკური შეთანხმება მართლაც კარგი ამბავია, ქართველებისთვის და ყველა ჩვენგანისთვის საერთაშორისო საზოგადოებაში, ვისაც საქართველოს წარმატების ხილვა გვსურს.

ჩვენ ვაფასებთ ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩის ძალისხმევას, რომ ეს შესაძლებელი გახდეს. ეს შეთანხმება საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის გადალახვის შესაძლებლობა უნდა იყოს” – წერს აპატურაი.

ცნობისთვის, “ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის პოლიტიკური შეთანხმება შედგა – ორბელიანების სასახლეში შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელთა ნაწილმა ხელი მოაწერა.

დოკუმენტს ხელს შემდეგი პოლიტიკოსები აწერენ : დავით ბაქრაძე, ალეკო ელისაშვილი, ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე, ვახტანგ მეგრელიშვილი, სალომე სამადაშვილი, ზურაბ ჯაფარიძე, ხათუნა სამნიძე და გიორგი ვაშაძე.

წყარო: itv.ge