ქართული საკვები დანამატი „მადლი ღვთისა“ შეიძლება ითქვას, რომ წლის ყველაზე განხილვადი პრეპარატი გახდა, რომლის გაცნობისთანავე საზოგადოება ხალისით შეხვდა.
ვინ არის შპს. „მადლი ღვთისას“ მესაკუთრე, „პრაიმტაიმმა“ რეესტრის ბაზაზე დაყრდნობით გაარკვია, რომ შპს. „მადლი ღვთისას“ სამი მესაკუთრე ჰყავს, ესენი არიან: შაქრო კვირკვია, გურამ კუპატაძე და ანზორ ჯაფარიძე.
შპს. „მადლი ღვთისას“ მესაკუთრეებს შორის ჩვენი ყურადღება შაქრო კვირკვიაზე შეჩერდა, რადგან ის გენერალია და საკვები დანამატების წარმოების 30 პროცენტის მფლობელია. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ქართველი გენერალი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა.
„მადლი ღვთისა“ – ქართული წარმოების საკვები დანამატია, რომლის ანოტაციაში წერია, რომ ის „Covid-19-ის” საწინააღმდეგო ძლიერი საშუალებაა და რომელიც ერთ-ერთ ქსელურ აფთიაქში იყიდება და მისი ფასი სოლიდურია – 4 აბი 60 ლარი ღირს. მართალია, პანდემიას მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები ებრძვიან და ცდილობენ, სხვადასხვა სამკურნალო თუ პრევენციული საშუალებების შექმნას, მაგრამ მათ გენერალმა თავის მეგობრებთან ერთად მსოფლიოს დაასწრო და “მადლი ღვთისა” შექმნა, თუმცა მედიკოსები მისი გამოყენების რეკომენდაციას საზოგადოებას არ აძლევენ.
“პრაიმტაიმი” გენერალ შაქრო კვირკიას და შპს.”მადლი ღვთისას” კიდევ ერთ მფლობელს, ანზორ ჯაფარიძეს ესაუბრა.
როგორც შაქრო კვირკვიამ განმარტა, მათ დიდი ბრძოლა უწევთ, რათა კვებითი დანამატი აფთიაქების თაროებზე ისევ მოხვდეს. გარდა ფარმაცევტული საქმიანობისა, ის თურმე აფხაზეთის დაბრუნების საკითხზეც მუშაობს, თუმცა მიღწეულ შედეგებზე მოგვიანებით, სხვა ინტერვიუში ისაუბრებს.
“აფხაზეთის დაბრუნების საკითხზე ვმუშაობ. რუს გენერლებს ქვეყანაში შემოსვლის უფლება არ აქვთ, მაგრამ მე რადგან აფხაზეთის თემაზე ვმუშაობ, არაფერს მეუბნებიან. ვარ ერთ-ერთი აკადემიის ვიცეპრეზიდენტი.
– რუსეთში არსებულ აკადემიას გულისხმობთ, თუ საქართველოში?
– რა მნიშვნელობა აქვს?!
– თქვენ დღესაც რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ხართ…
– რუსეთის მოქალაქე რომ არ ვიყო, ვერაფერს გავაკეთებდი, რასაც ვაკეთებ.
– რა მიღწევები გაქვთ აფხაზეთის დაბრუნების ნაწილში?
– ეს ვრცელი თემაა და სატელეფონო ინტერვიუს ფორმატში სასაუბრო არ არის. ჩვენ, სამივე გახლავართ აფხაზთა და ქართველთა შერიგების კავშირ „დიოსკურია 2005“-ის წარმომადგენლები, მე საპატიო პრეზიდენტი ვარ, გურამ კუპატაძე მდივანია და ა.შ. ჩვენ ვიბრძვით ქართველი ხალხის გადასარჩენად.
– ხომ არ აპირებთ “მადლი ღვთისას”, იგივე “მადლი ვაზისას” შეტანას აფხაზეთში?
– პირველ რიგში, ჩვენ უნდა მოვუაროთ საქართველოს და მერე ყველა მეზობელს, იმის გამო, რომ ვირუსი ისევ შემოვა და ამ გაჭირვებულ ხალხს უნდა მივხედოთ. უნდა მიეცეს ქართველს საშუალება მიიღონ, მაგრამ როგორ მიიღებენ, როცა მანქანებით დაგვაქვს და ვერ ვაბარებთ? ხალხი მანქანებიდან კი ვერ მორჩება, არამედ – აფთიაქებში უნდა იყოს.
– ავერსში ხომ შეგაქვთ “მადლი ღვთისა?”
– დაგვიბლოკეს. სახელწოდება და შეფუთვა შევუცვალეთ და ახლა ვნახოთ…
– დევნილი ხართ აფხაზეთიდან?
– არა. ზუგდიდელი ვარ. აფხაზეთის ომის დროს, ჩემი სახსრებით ჭუბერიდან მომყავდა და ჩემს სახლში შევიფარე დევნილები.
რაც შეეხება ანზორ ჯაფარიძეს, მისი ინფორმაციით, როცა თანამედროვე სამყაროსთვის სიტყვა კორონავირუსი ჯერ კიდევ უცნობი იყო, მან მეგობრებთან ერთად გამოსავალზე ფიქრი დაიწყო და სამ თვეში ეგზისტენციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, “მადლი ღვთისას” რეცეპტი უკვე ჰქონდათ…
“როცა მედიცინისთვის სიტყვა Covid-19 ამოუხსნელი იყო, მაშინვე დავიწყეთ ფიქრი და სამთვიანი ფიქრისა და ტანჯვის შემდეგ, უფალმა ღმერთმა შექმნა და საშუალება მოგვცა გაგვემხილა და გაგვემჟღავნებინა. დღეის მდგომარეობით, ეს კვებითი დანამატი 410-მა ადამიანმა მიიღო, მათ შორის – ინფიცირებულებმა და საოცარი შედეგი დაიდო. საუკეთესოა, პრევენციის მიზნით მისაღებად. სამწუხაროდ, დიდი ლანძღვა-გინება არ აგვცდა, გვაბრალებენ, რომ ფულის საკეთებლად შევქმენით “მადლი ღვთისა, რაც ასე არ არის. ჩვენც გვინდოდა, რომ ეს დანამატი 10-15 ლარი ღირებულიყო, მაგრამ საწარმოო პროცესის, გადასახადების და სხვა ხარჯების გათვალისწინებით, ვერ მოხერხდა უფრო დაბალ ფასად გაყიდვა. ესეც არ იკმარეს და საპატრიარქოში ერთ ადამიანს უთქვამს, რომ როგორ შეიძლება “მადლი ღვთისა” იყიდებოდესო. მაშ, როგორ შეიძლება იყიდებოდეს სანთელი, ჯვარი და სხვა რელიგიური ნივთები?!
როცა აფხაზეთის ომი იყო, ზურაბ ჟვანიას ორჯერ მივწერე, მოეცა ყველაზე შეჭირვებული ოჯახების სია და ოც ოჯახს ვუპატრონებ-მეთქი, მივმართე. კომისია გამომიგზავნა, როცა დარწმუნდა, რომ მათი მოვლა შემეძლო, მერე მომაწოდა. მხედრიონელებმა ფეხები დამამტვრიეს, დამაინვალიდეს, მე საქართველო უნდა მიცნობდეს…
კახეთის რეგიონში ოთხი ეკლესია და კიდევ ერთი რესტორანი მაქვს აღდგენილი, თელავის საპატიო მოქალაქე ვარ. გარდა ჩემი პროფესიული საქმიანობისა, ბიზნესმენიც ვარ. სამწუხაროდ, უამრავი ბინძური ჭორი ვრცელდება, თითქოს დანამატის ხაზს იმისთვის ვქმნით, რომ ხალხი გავყვლიფოთ და ფული ვიშოვნოთ. მწერალიც გახლავართ, ცოტა ძნელია ჩემი რეგალიების ჩამოთვლა…” – ამბობს ანზორ ჯაფარიძე.
ამის გარდა, იძულებულები გავხდით, სახელიც შეგვეცვალა და უახლოეს დღეებში “მადლი ღვთისას” ნაცვლად, “მადლი ვაზისა”-ს სახელწოდებით გამოჩნდება, თუმცა აფთიაქებშიც გვიჭირს შეტანა. გვეუბნებიან, როგორ შეიძლება ქართველს შეექმნა კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატიო, რატომ? მაინცდამაინც სომეხს ან თათარს უნდა შეექმნა?
– მედიკოსები, რომლებიც პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე არიან, რეკომენდაციას არ აძლევენ “მადლი ღვთისას” მიღებას, რატომ?
– ყველას შევხვდით, თენგიზ ცერცვაძესაც და ლევან რატიანსაც. რატიანმა მიიღო ეს წამალი და თქვა, რომ ის მორწმუნე ბებიის გაზრდილი იყო და სჯეროდა ჩვენი, მაგრამ დანარჩენებმა თქვეს, რომ ღმერთი არ სწამთ და მათთან ურთიერთობა საჭიროდ აღარ ჩავთვალეთ. მართალია, ყველას თავისი აზრი აქვს, მაგრამ ჩვენ ღმერთის დავალებას ვასრულებთ. ამ დანამატის გამოშვებაში ჭკვიანი ადამიანები არიან ჩართულნი – სამი აკადემიკოსი და სამი გენერალი, შაქრო კვირკვია ნამდვილი გენერალია, ის ვარსკვლავი, რომელიც მას აქვს, სულ რამდენიმე პირი ფლობს.