პრეზიდენტი გიორგი რურუას 27 აპრილს შეიწყალებს

გიორგი რურუას შეწყალების აქტს საქართველოს პრეზიდენტი 27 აპრილს მოაწერს ხელს.

პარლამენტის დეპუტატის შალვა პაპუაშვილის თქმით, ამნისტიის შესახებ კანონპროექტის ინიცირების შემდეგ პრეზიდენტი ასევე მოაწერს ხელს შეწყალების შესახებ აქტსაც.

 

„სამშაბათს, ინიცირების (ამნისტიის შესახებ კანონპროექტის) შემდეგ პრეზიდენტი გამოსცემს შეწყალების აქტს. ამნისტია კი შეეხება 20 ივნისთან დაკავშირებულ ყველა სისხლის სამართლის საქმეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება ოპოზიციური ტელეარხ „მთავარის“ თანამფლობელი გიორგი რურუას 27 აპრილს შეწყალების შესახებ ცნობილი ოფიციალურ ვახშამზე გახდა, რომელიც ორბელიანების სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის საპატივცემულოდ მოეწყო. მას ესწრებოდნენ მმართველი და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებმაც მიშელის დოკუმენტს მოაწერეს ხელი. ვახშამს ასევე ესწრებოდნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი და აშშ–ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი.

საქართველოს პრეზიდენტმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ გიორგი რურუას იმ შემთხვევაში შეიწყალებს, თუ ხელისუფლება და ოპოზიცია პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის შესახებ შეთანხმებას მოაწერენ ხელს.

 

რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო იარაღის უკანონო შენახვაში, შეძენასა და ტარებაში და ოთხწლიანი პატიმრობა შეუფარდა. ოპოზიციას ის და „ნაცმოძრაობის ლიდერი ნიკა მელია „პოლიტპატიმრებად“ გამოაცხადა და მათი გათავისუფლება პარლამენტის ბოიკოტის შეწყვეტის ერთ–ერთ ძირითად მოთხოვნად დაასახელა.

ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი ერთ–ერთი პუნქტი გახდა შეთანხმებისა, რომელიც შარლ მიშელმა პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შესთავაზა. დოკუმენტს მხარეებმა ხელი ორშაბათს მოაწერეს.

Read more: https://sputnik-georgia.com/politics/20210421/251524366/prezidenti-ruruas-27-aprils-Seiwyalebs.html