შეწყალების აქტით რურუა სამშაბათს გათავისუფლდება

საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართული ვახშმის შემდეგ, რომელსაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და მისი მედიაციით შემუშავებული დოკუმენტის ხელმომწერი პარტიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ისაუბრეს პროცედურებზე, რომლითაც ნიკა მელია და გიორგი რურუა უნდა გათავისუფლდნენ პატიმრობიდან.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელის თანდასწრებით მხარეებს განუცხადა, რომ გიორგი რურუას შეიწყალებს მომავალი კვირის სამშაბათს, იმ დღეს, როცა პარლამენტში ამნისტიის შესახებ კანონპროექტის ინიცირება მოხდება.

“პროცედურა იქნება შემდეგი – სამშაბათს ჩვენ ყველანი ერთად ვარეგისტრირებთ ამნისტიის კანონს პარლამენტში, ანუ, მივდივართ პარლამენტში და ვარეგისტრირებთ. როგორც კი ეს კანონი რეგისტრირდება, ქალბატონმა პრეზიდენტმა გვითხრა, რომ ამის შემდეგ იქნება შეწყალების აქტი მიღებული.

ანუ ეს ნიშნავს, რომ შეწყალების აქტით რურუა გათავისუფლდება სამშაბათს და ჩვენ პარლამენტში ვიწყებთ ამნისტიის კანონის განხილვას, რომელიც შეეხება იმ მუხლებს, რომლითაც პასუხისგებაში მიცემული არიან დღეს ადამიანები 20 ივნისს ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით, მათ შორის, ეს ეხება მელიას, მათ შორის, ეს ეხება, მაგალითად, თამლიანს და ა.შ.” ,- ამბობს გიორგი ვაშაძე.

მისი თქმით, ყველა მხარემ გამოთქვა მზაობა, რომ ამნისტიის კანონის მიღება რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს, რათა ნიკა მელიამ საპატიმრო დატოვოს:

“ასევე, რაც მთავარია, ყველა მხარემ გამოთქვა მზაობა, რომ პროცედურული საკითხებიდან გამომდინარე, რაც შეიძლება სწრაფად მოხდება მიღება ამ კანონის, რომ გათავისუფლდეს მელია საპატიმრო დაწესებულებიდან, ხოლო რურუას გათავისუფლებას უკვე სამშაბათს ველოდები, იქიდან გამომდინარე, რომ სალომე ზურაბიშვილმა თქვა შარლ მიშელის თანდასწრებით, რომ სწორედ სამშაბათს მოხდება ამ პროცედურის რეალიზება”, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

 

“ნეტგაზეთი”