14 ბიზნესასოციაცია პრემიერთან შეხვედრას და შეზღუდვების შემსუბუქებას ითხოვს

,„ბატონო პრემიერ-მინისტრო, დარგთაშორისი გაერთიანებული პლატფორმის ამ ინიციატივის მიზანია, გვერდში დავუდგეთ მთავრობას, რათა ქვეყანამ ნაკლები დანაკარგით დაძლიოს ეკონომიკური პრობლემები. მთავრობამ არაერთი პოზიტიური ნაბიჯი გადადგა, მათ შორის თქვენი უშუალო მონაწილეობითაც, დიდი შეშფოთებით აღვნიშნავთ, რომ ქვეყნის გახსნის პროცესი, რომელიც აუცილებელია ეკონომიკის გადარჩენისათვის, ნელი ტემპით მიდის. სხვადასხვა სახელისუფლებო უწყებების წარმომადგენელთა და ეპიდემიოლოგთა განცხადებები კი მიგვანიშნებს ქვეყნის ხელახალი „ლოკდაუნის“ საშიშროებაზე (ე.წ. მესამე ტალღა).

ქვეყნის ეკონომიკა წელიწადზე მეტია, ნაწილობრივ ჩაკეტილია და ექვსი თვე კი სრული „ლოკდაუნი“ გვაქვს, რაც ჩვენი საკმაოდ ღარიბი ქვეყნისათვის ყოვლად დაუშვებელი ფუფუნებაა. ქვეყანას აღებული აქვს უამრავი საერთაშორისო საფინანსო ვალდებულება, რომლებსაც გასტუმრება ესაჭიროება. ამისი ერთადერთი გარანტი არის ამოქმედებული ბიზნესსექტორი, რომელიც ქვეყნის ბიუჯეტის მთავარი შემავსებელია. აუცილებელია:

  • სასწრაფოდ მოიხსნას „კომენდანტის საათი“. ქვეყანაში სამუშაო პროცესები წყდება ოთხი-ხუთი საათით ადრე, ამით ეკონომიკა ყოველდღე მილიონობით ზარალს იღებს. ინიშნება ფრენები, იხსნება სახმელეთო საზღვრები, შემოდის ტურისტი, არადა 20:00 საათზე ჩაბნელებული და გაუკაცრიელებული ქვეყანა სინამდვილეში ანტიპიარის ტოლფასია.
  • ქვეყანაში დაიწყოს ტურისტული სეზონისთვის აქტიური მზადება. ასეთი მზადების მაგალითს აჩვენებს არაერთი ტურისტული ქვეყანა, მაგალითად თურქეთი. იმისათვის, რომ ეროვნული ვალუტა გამყარდეს, უახლოეს პერიოდში უნდა მივიღოთ უცხოელი ტურისტი. მზადების გარეშე საგრძნობი რაოდენობის მიღებას ქვეყანა ვერ შეძლებს. სტუმარ-მასპინძლობის სექტორი განადგურებულია.
  • სარესტორნო ბიზნესმა დაიწყოს ფუნქციონირება შაბათ-კვირას (გაიდლაინის რეგულაციების გათვალისწინებით). სარესტორნო ბიზნესი ეპიდემიოლოგების მოთხოვნების დაცვის თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მობილიზებული ბიზნესია. ამ ბიზნესის დაკეტვა იწვევს აბსოლუტურად უკონტროლო ჩრდილოვანი ღონისძიებებისა და ქეიფების ჩატარებას კერძო სექტორის ტერიტორიებზე. პლუს, ტურისტი შაბათ-კვირას რჩება მშიერი.
  • დაჩქარდეს ვაქცინაციის პროცესი. იმისთვის, რომ დაჩქარდეს ვაქცინაციის პროცესი, აუცილებელია, გაძლიერდეს პროპაგანდა ვაქცინაციის დადებით შედეგებთან დაკავშირებით. დღევანდელი როგორც ვაქცინაციის პროცესი, ასევე პროპაგანდა არადამაკმაყოფილებელია.
  • შემცირდეს საგადასახადო წნეხი მცირე და საშუალო ბიზნესზე. მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რომელიც ყველაზე დაზარალებულია ამ კრიზისის დროს უნდა მოექცეს სახელმწიფოს ზრუნვის ქვეშ. ეს ეხება როგორც ზოგიერთი დარგების დოტირებას, ასევე საგადასახადო წნეხის ან მოხსნას ან მინიმუმ შემცირებას.
  • შეწყდეს ქვეყანაში მხოლოდ ნეგატიური ინფორმაციის ტირაჟირება. ქვეყნის ეკონომიკის წინსვლა წარმოუდგენელია დადებითი მესიჯებისა და პოზიტიური განწყობის გარეშე. მედიასაშუალებები, ისევე როგორც მთავრობა დაკავებულია მხოლოდ უარყოფით მესიჯების გაჟღერებით: ეპიდსიტუაციაზე, ეკონომიკის არასახარბიელო მდგომარეობაზე, პოლიტიკური კონიუნქტურაზე, ლარის კურსზე, მკვლელობები და ა.შ.

ბატონო პრემიერო, თქვენს მიერ არის დაანონსებული, რომ სულ მალე წარმოდგენილი იქნება ანტიკრიზისული გეგმა. მზად ვართ, მონაწილეობა მივიღოთ ამ გეგმის მომზადებაში. ამ თემებზე სასაუბროდ გთავაზობთ, დაიგეგმოს სამუშაო შეხვედრა“, – ნათქვამია ბიზნესასოციაციების განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ დარგთაშორისი პლატფორმის მონაწილე ბიზნესასოციაციები:

  1. საქართველოს რესტორატორტა ასოციაცია – კოტე გაბრიჩიძე (250,000 დასაქმებული)
  2. საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია – ლევან ქოქიაშვილი (400 დასაქმებული)
  3. საქართველოს გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაცია -თამრიკო სიხარულიძე (800 დასაქმებული)
  4. საქართველოს სასტუმროების ფედერაცია – შალვა ალავერდაშვილი (2000 დასაქმებული)
  5. საქართველოს რითეილერთა (ფეშენ) ასოციაცია – კახა ხაზარაძე (25,000 დასაქმებული)
  6. საქართველოს დისტრიბუტორტა ასოციაცია – ივა ჭყონია (15,000 დასაქმებული)
  7. საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია – ელგუჯა მელაძე (70,000 დასაქმებული)
  8. საქართველოს სავაჭრო ცენტრების ასოციაცია – ლევან ყარალაშვილი (17,000 დასაქმებული)
  9. საქართველოს გადასახადის გადამხდელთა კავშირი – სანდრო რატიშვილი (30,000 დასაქმებული)
  10. საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია – ლევან სილაგავა (3,000 დასაქმებული)
  11. საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია – დავით მესხიშვილი (50,000 დასაქმებული)
  12. მთის კურორტების ბიზნესასოციაცია – მაია ბიჭიკაშვილი (1,000 დასაქმებული)
  13. საქართველოს სალონების და ესთეტიკის ცენტრების ფედერაცია – თამარ შარაშენიძე (1500 დასაქმებული)
  14. საქართველოს მენაშენეთა ასოციაცია – ირაკლი როსტიაშვილი (6000 დასაქმებული)