ჩეხეთის სენატმა რუსეთთან მეგობრული ურთიერთობის გაწყვეტა მოითხოვა

ჩეხეთის პარლამენტის ზედა პალატაში რუსეთთან სამეგობრო და სათანამშრომლო ხელშეკრულების გაუქმებას 67-მა სენატორმა დაუჭირა მხარი.

 ჩეხეთის პარლამენტის ზედა პალატის, სენატის წევრებმა ოთხშაბათის სხდომაზე ხელისუფლებას მოუწოდეს, გააუქმოს რუსეთთან მეგობრული ურთიერთობისა და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება, იუწყება Ceska Televize.

„სენატორებმა მიიღეს დადგენილება, რომელშიც ვრბეტიცეში მომხდარი აფეთქება სახელმწიფო ტერორიზმის აქტად შეაფასეს, და მოუწოდეს მთავრობას, გააუქმოს რუსეთთან მეგობრული ურთიერთობისა და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება, ასევე შეამციროს პრაღაში რუსეთის საელჩოს თანამშრომელთა რაოდენობა  ერთ კაცამდე. დადგენილებას 72 სენატორიდან 67–მა დაუჭირა მხარი“, — ნათქვამია ტელეარხის განცხადებაში.

გარდა ამისა, სენატმა მთავრობას მისცა რეკომენდაცია, განიხილოს ვრბეტიცეს ინციდენტი გაეროს უსაფრთხოების საბჭოზე, ასევე ნატოსა და ევროკავშირის ორგანოებში, და სთხოვოს ამ ორგანიზაციების წევრ ქვეყნებს მხარდაჭერა და დახმარება.

ამასთან სენატორებმა თხოვნოით მიმარტეს მინისტრთა კაბინეტს, გამოაქვეყნოს დოკუმენტი ვრბეტიცეში აფეთქებების შესახებ, რათა ამ თემაზე დეზინფორმაციის გავრცელება აღიკვეთოს.

სენატმა მთავრობას კიდევ ერთი რეკომენდაცია მისცა, რომელიც რუსეთისგან კომპანსაციის მოთხოვნას ითვალისწინებს ვრბეტიცეში მომხდარი აფეთქებების შედეგად რესპუბლიკისა და ცალკეული ადამიანებისთვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად.

მანამდე, 17 აპრილს, ჩეხეთის პრემიერმა ანდრეი ბაბიშმა გამოაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლება რუსეთის სპეცსამსახურებს მიიჩნევს ეჭვმიტანილად ვრბეტიცეს საბრძოლო მასალების საწყობში 2014 წელს მომხდარ აფეთქებებში. ამასთან დაკავშირებით ქვეყნიდან 18 რუსი დიპლომატი გააძევეს.

კრემლში ამ ბრალდებებს აღმაშფოთებელი და დაუსაბუთებელი უწოდეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ აფეთქებების გამოძიებასთან დაკავშირებული სიტუაცია „მარაზმატიკულ აღლუმად“ შეაფასა. პრაღის ნაბიჯების საპასუხოდ, მოსკოვმა ჩეხეთის საელჩოს ოცი თანამშრომელი პერსონა ნონ–გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა.