გაფრთხილებთ, დაიკეტება ყველაფერი, პარალიზება მოხდება – რას ითხოვს “უცნობი”?

“უცნობი” პროკურატურას მოუწოდებს, რომ ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდამსხმელები გირაოთი გაათავისუფლოს. გაჩეჩილაძის მტკიცებით, ბრალდებულები პროვოკაციაზე სანაიამ წამოაგო და შემდეგ თავად დარეკა პოლიციაში.

როგორც “უცნობი” ამბობს, თუ პროკურატურა ბრალდებულებს არ გაათავისუფლებს, ის აქციებს გამართავს და მათი გათავისუფლება “მაინც მოუწევთ”.

“მე მინდა, მივმართო პროკურატურას, გირაოთი გამოშვების შუამდგომლობა დააყენოს, თორემ აუცილებლად მოგიწევთ. არ ვაპირებ არანაირი მიტინგების ჩატარებას და მეგაფონებით სირბილს, ერთადერთ რაღაცას რასაც ვაპირებ – მოსვლას, დგომას და თუ რამე იქნება ისეთი, მაგისტრალების გადაკეტვიდან დაწყებული, ყველაფერს, ასე, მდუმარედ. სანამ ადამიანების გულებში არ აღიძვრება სამართლიანობის მომენტი. გაფრთხილებთ, დაიკეტება ყველაფერი, პარალიზება მოხდება”,– ამბობს უცნობი.

ამას გარდა, “უცნობი” 29 აპრილს მორიგ “მდუმარე” აქციას აანონსებს. მისი თქმით, ის “უსამართლობის წინაშე” არავის დატოვებს.

“29-ში არის მოსალოდნელი პროტესტი, მდუმარე პროტესტი. უბრალოდ ქმედება იქნება, სიტყვები და ლაი-ლაი არ იქნება, მდუმარე პროტესტია მოსალოდნელი და აუცილებლად ჩვენ ჩვენ საქმეს გავაკეთებთ. ჩვენ არ დავტოვებთ არავის უსამართლოდ სისტემის წინააღმდეგ, ეს იქნება დების და ძმების პროტესტი, ვისაც გული შესტკივა ამ საშინელ უსამართლობაზე”,- თქვა გია გაჩეჩილაძემ.