გუშინ ვფიქრობდი: რა გახდა ჩვენი “საბჭოური გადაგვარების მიზეზი?…”

მწერალი ზურა ოდიალავაძე სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს, რომელსაც სრულად გთავაზობთ:

გუშინ ვფიქრობდი: რა გახდა ჩვენი “საბჭოური გადაგვარების მიზეზი?…” გონების ძალთა უკიდურესი დაძაბვა და არის – ევრიკა!
საფლავი 1968 წელს კინოფილმ ,,ფარი და მახვილის“ სიმღერამ გაგვითხარა:
,,С чего начинается Родина?
С картинки в твоём букваре…“
ბოლო და გადამწყვეტი ლურსმანი კი ქართველების კრიტიკული აზროვნების კუბოში – რუსმა ჯაშუშმა, შტანდარტენფიურერმა მაქს ოტო ფონ შტირლიცმა (,,გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვება“ – ,,Семнадцать мгновений весны“ – 1973 წელი) ჩააჭედა.

ჩვენ რუბიკონი გადავლახეთ – საბჭოელობამ, საბჭოეთის სიყვარულმა შეუქცევადი ხარისხი შეიძინა.
შესაძლოა პროფესორ პლეიშნერის თვითმკვლელობა კიდევ აგვეტანა, მაგრამ შტირლიცისა და მისი მეუღლის შეხვედრის სცენას კაფე ,,სპილოში“ ვერ გავუძელით! ამ პაემანის იდუმალმა სიჩუმემ მოგვიღო ბოლო და დაგვცა – ჩვენ მიულერისა და შტირლიცის ფსიქოლოგიური დუელის ლაბირინთში სამუდამოდ დავიკარგეთ… სწორედ აქ დაგვენძრა ქართველებს და ერთხელ და სამუდამოდ გავხდით ახალი ისტორიული ერთობის – საბჭოთა ხალხის კოლორიტული, მაგრამ მაინც ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი.
ჩვენი ცნობიერების საფლავი კი 1975 წელს გვირგვინით შეამკო ანდრეი მიაგკოვმა და ბარბარა ბრილსკამ, ელდარ რიაზანოვის ფილმით ,,ბედის ირონია, ანუ გაამოთ“…
ჩვენ აღარ ვარსებობთ, მოვკვდით…